თავისუფალი ინდუსტრიული ზონები წლებია მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს ითხოვენ. „ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც შექმნილია 2007 წელს, აღარ არის მორგებული არსებულ რეალობას. გასულია საკმაოდ დიდი დრო, შესაბამისად ჩვენი კანონმდებლობა ამ კუთხით საჭიროებს დახვეწას იმისთვის, რომ მოვახდინოთ უფრო მეტი სტიმულირება კომპანიების მოსაზიდად“,-აცხადებს რედაქტ2-თან ინტერვიუში ფოთის თიზ-ის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე.
მისი განმარტებით, მთავარი ის 4%-იანი გადასახადია, რომელიც თიზ-იდან საქართველოში და პირიქით ვაჭრობაზე ვრცელდება.
აღსანიშნია, რომ კანონის თავდაპირველი რედაქციით, თიზ-იდან საქართველოში ვაჭრობა და პირიქით არ იყო დაშვებული, ეს იყო კანონით აკრძალული საქმიანობა, თუმცა კანონმდებელმა მოხსნა ეს ბარიერი და ახლა თიზ-ის კომპანიებს შეუძლიათ ივაჭრონ საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა 4%-ით იბეგრება თიზ-იდან საქართველოში და პირიქით საქონლის მიწოდება.
„ჩვენ გვაქვს ასეთი პოზიცია, რასაც ვაჟღერებთ წლებია, რომ იმისთვის, რომ წავახალისოთ ადგილობრივი წარმოება და მივცეთ თიზ-ში რეგისტრირებულ კომპანიებს საშუალება, რომ გამოიყენონ ქართული ნედლეული, მოიხსნას ან თუნდაც დაიწიოს 4%-დან 2%-მდე გადასახადი საქართველოდან შეტანილ პროდუქციაზე იმ დაშვებით, რომ გამოყენებული ნედლეული იქნება მიმართული საბოლოო პროდუქციის შესაქმნელად, რომელიც შემდეგ „დამზადებულია საქართველოში“ სერტიფიკატის ქვეშ ექსპორტზე გავა ევროკავშირის, დსთ-ს თუ ჩინეთის ბაზრებზე.
ინდუსტრიულმა ზონებმა შევქმენით პლატფორმა, გაერთიანება, საკომუნიკაციო არხი ავაწყვეთ იგივე შემოსავლების სამსახურთან, ფინანსთა სამინისტროსთან, კომუნიკაცია გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთანაც, ბიზნეს ომბუდსმენთან და გავაცანით, რატომ ვითხოვთ ამ ცვლილების განხორციელებას. მოლოდინი ყოველთვის გვაქვს, რომ ცვლილებები განხორციელდება. დღეის მდგომარეობით ეს გაკეთებული არ არის, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალ წლებში მინიმუმ დაიწევს ან მაქსიმუმ გაუქმდება 4%-იანი გადასახადი.
უცხოეთიდან იმპორტის შემთხვევაში გადასახადი არის ნულოვანი, შესაბამისად თიზ-ის კომპანია იძულებული ხდება უცხოეთიდან შემოიტანოს ნედლეული და უარი თქვას ქართული ნედლეულის გამოყენებაზე, რადგან ეს დამატებით 4%-ით უძვირებს პროდუქციას“,-აცხადებს ებრალიძე.