მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიზ-ების შესახებ კანონმდებლობა რეალობას აღარ არის მორგებული - დავით ებრალიძე

ფოთის თიზ

საქართველოს მთავრობამ „ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ შესახებ კანონმდებლობა 2007 წელს მიიღო. პირველმა თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ, ფოთის თიზ-მა ფუნქციონირება ოფიციალურად 2009 წელს დაიწყო. როგორც ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი რედაქტ2-თან ინტერვიუში აცხადებს, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნის იდეამ რომ გაამართლა, ამაზე ზონების რაოდენობა და იქ მოქმედი კომპანიების რიცხვი მეტყველებს, თუმცა იმისთვის, რომ თიზის ადმინისტრატორებმა მეტი კომპანიის მოზიდვა შეძლონ, დავით ებრალიძე თვლის, რომ ამისთვის არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს განახლებაა საჭირო.

„ჩვენ ვართ პიონერი არამარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიის რეგიონში და ვართ ყველაზე დიდი ინდუსტრიული ზონა რეგიონში. იდეა არის გამართლებული და ამაზე მეტყველებს იმ სამი ინდუსტრიული ზონის შექმნა და რაოდენობა არსებული კომპანიების, რომლებიც თავს იყრიან ოთხივე ზონაში. ჩემი ინფორმაციით, ჯამურად რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 1000-ს აჭარბებს, გამომდინარე აქედან ინტერესი მეტია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც შექმნილია 2007 წელს, აღარ არის მორგებული არსებულ რეალობას. გასულია საკმაოდ დიდი დრო, შესაბამისად ჩვენი კანონმდებლობა ამ კუთხით საჭიროებს დახვეწას იმისთვის, რომ მოვახდინოთ უფრო მეტი სტიმულირება კომპანიების მოსაზიდად.

ინდუსტრიული ზონის იდეა გამართლებულია იმდენად, რომ მთავრობა გეგმავს მეხუთე ინდუსტრიული ზონის შექმნას საგარეჯოს ტერიტორიაზე, და ეს ცხადყოფს იმას, რომ იდეა ამართლებს“,-აცხადებს დავით ებრალიძე.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა, სადაც დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები მოქმედებს. კერძოდ, თიზის საწარმოები გათავისუფლებული არიან მოგების გადასახადისგან, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადისგან არ იბეგრება თიზში უცხოური საქონლის შეტანა და თიზში განხორციელებული ოპერაციები. ამასთან ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია თავისუფალი ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება. თიზის საწარმოები არ იხდიან ასევე უცხოური საქონლის შეტანაზე იმპორტის გასახადს. თიზ-ში წარმოებული საქონლის თიზ-დან შეტანა (იმპორტი) საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ასევე გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან.

ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებს, ესენია: ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები