მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბორჯომის ქარხნის მუშაობის იმიტირებას ცდილობენ... მარაგები ეწურებათ“ - გიორგი დიასამიძე

62971e2fa7b3c
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.22 15:04
1088
„ბორჯომის ქარხნის მუშაობის იმიტირებას ცდილობენ... მარაგები ეწურებათ“ - ეს განცხადება აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარემ გადაცემა „საქმიან დილაში“ ჩართვისას გააკეთა.

გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ გუშინ დაწყებულ გაფიცვას ადმინისტრაციის თანამშრომლების გარდა, ყველა მუშა უერთდება და ქარხნის ამოქმედებაში მუშები ჩართულნი არ არიან. ის შექმნილ მძიმე ვითარებაში გენერალური დირექტორის წვლილზე საუბრობს და ამბობს, რომ პროცესებს სრულად ივანე მაჭავარიანი აორგანიზებს.

„ქარხანა გაჩერებულია, ქარხნის მუშაობის იმიტირებას ცდილობენ, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის. წარმოების უფროსებმა გუშინ რამდენიმე ხაზი აამუშავეს და ალბათ რამდენიმე ათასი ბოთლი მინერალური წყალი აწარმოეს, თუმცა დღეს, არ მგონია, ეს შეძლონ. გაფიცულია ყველა თანამშრომელი. სამედიაციო პროცესი 27 მაისს დასრულდა. პირველი და მეორე ქარხანა პარალიზებულია.

ამ რეჟიმით ისინი ვერ ახერხებენ მუშაობას და საქართველოს ბაზარს კი არა ბორჯომის მოსახლეობასაც ვერ უზრუნველყოფენ. მარაგებიც იწურება.

კომპანიაა გაჯიუტებული, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გაბედეს ეს თანამშრომლებმა. ივანე მაჭავარიანი აორგანიზებს ყველაფერს და კომპანიის წარმომდგენლები დასაქმებულებს შორის გარკვეული დაპირისპირების შექმნას ცდილობენ“, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

დღეისთვის გაფიცულებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

1. 50 უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება.
2. ძველ სახელშეკრულებო პირობებზე დაბრუნება;
3. 3-6-თვიანი და 1-წლიანი ხანგრძლივობის ხელშეკრულებების უვადოზე ხელშეკრულებებით შეცვლა;
4. იძულება, შანტაჟსა და მუქარაში შემჩნეული ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება (ირაკლი სტეფნაძე და დავით აიწურაძე).

შეგახსენებთ, რომ "IDS ბორჯომის" მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, ამ ნაბიჯით შესაძლებელი გახდება, საწარმოო პროცესის აღდგენა და ქარხნის ამუშავება, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა შეჩერებულია. მიზეზი კი კომპანიის მეწილის მიხაილ ფრიდმანის დასანქცირება გახდა, რის გამოც "ბორჯომის" ანგარიშები გაიყინა.

კომპანიის მხრიდან წარმოების გაჩერების შესახებ აპრილში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ადმინისტრაციის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული ახალი სამუშაო ხელშეკრულებების გამო უთანხმოება წარმოიშვა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის პროცესი დაიწყო, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.