მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში COVID-19-ის გავრცელების შეკავებისთვის ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

5f6a23fc69dda
ნათია თაქთაქიშვილი
22.09.20 20:20
958
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს საზოგადოებას ახალი შეზღუდვები გააცნო, რომელიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ახალი შეზღუდვების მიზანი COVID-19-ის გავრცელების შესაკავებაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი ახლა პანდემიის შემობრუნების საფრთხის წინაშეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები არ უნდა მოდუნდნენ.

ახალი ზომების მიხედვით, ოფისში მომუშავე პირებმა მუშაობა დისტანციურად უნდა გააგრძელონ, თუკი არ არის უკიდურესი აუცილებლობა, რომ დასაქმებულმა სამსახურში იაროს.

ამასთან, ხვალიდან პაბები და რესტორნები ვალდებული იქნებიან, მუშაობა 22:00 საათზე დაასრულონ.

მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის სავალდებულო გახდება პირბადის ტარება. ასევე, მგზავრები ვალდებული იქნებიან, ტაქსით მგზავრობის შემთხვევაში პირბადე ატარონ.

გარდა ამისა, ქვეყნის მაშტაბით 15 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალული იქნება. ასევე, პირველი ოქტომბრიდან დახურულ სივრცეებში გუნდური სპორტული სახეობების ღონისძიებები აიკრძალება და კვლავ გაურკვეველია, როდის შეძლებენ გულშემატკივრები მოედნებზე დაბრუნებას.

რაც შეეხება სანქციებს, პირბადის ტარების რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 200 ფუნტი სტერლინგით განისაზღვრება.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის 4 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ინფიცირებული. ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 398 625 შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 41,788-ს შეადგენს.