მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩაის ხომ დალევენ ერთმანეთთან?!“ - პაატა იმნაძე „კომენდანტის საათის“ მოხსნაზე

60535a9fac0b1
თელარა გელანტია
18.03.21 17:43
4982
ე.წ. „კომენდანტის საათი“, რომელიც საქართველოში 2020 წლის ნოემბრის ბოლოდან მოქმედებს, ისევ ძალაში რჩება. მართალია, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს გარკვეული შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

„ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. ვაკვირდებით ვითარებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს მივიღებთ არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის ანალიზის საფუძველზე“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა.

Bm.ge-ის კითხვაზე - რა შემთხვევაში და როდის მიიღებს მთავრობა „კომენდანტის საათის“ გაუქმების გადაწყვეტილებას, NCDC-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ გადაწყვეტილებას 10 დღის შემდეგ მიიღებენ.

„კომენდანტის საათთან“ დაკავშირებით იყო რამდენჯერმე მსჯელობა და საბჭოს პოზიციაა, ყველაფერი თანდათანობით მოიხსნას. „კომენდანტის საათს“ აქვს ერთ-ერთი მთავარი გავლენა ეპიდსტუაციის მართვაზე, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება,დავაკვირდეთ კიდევ ერთი კვირის, 10 დღის განმავლობაში და მერე მიიღებს საბჭო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თემაზე კომენტარი გააკეთა NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემაც, რომლის აზრით, შეზღუდვის ძალაში დატოვების მიზეზი „მასობრივი გადაადგილების“ პრევენციაა.

„ერთმანეთან როცა შეიკრიბებიან, ჩაის ხომ დალევენ?! ნიღაბს ხომ ვერ გაიკეთებენ?!“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

Bm.ge-ის რეპლიკას - „რატომაა „კომენდანტის საათის“ არსებობა კრიტიკული, როცა ქვეყანაში კვების ობიექტები გახსნილია და სხვა ეკონომიკური საქმიანობაც დაშვებულია“, პაატა იმნაძემ შემდეგი პასუხი გასცა:

„რესტორნები ღია შეიძლება იყოს 21:00 საათამდე. ამდენად, ვინც მუშაობს, რესტორანში ვერ დადის და ვინც ვერ მუშაობს, ახლაც ისედაც დადიან ერთმანეთთან... გადაადგილების მასობრიობაზეა საუბარი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.



შეგახსენებთ: კერძო სექტორი „კომენდანტის საათის“ გაუქმებას გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდიდან ითხოვს. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“, რომელიც ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ კომპანიებს აერთიანებს, აღნიშნული მოთხოვნით ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასაც მიმართა, მაგრამ ჯერ შედეგი არ ჩანს.