მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩაკ რულო“ ბაზარზე გამოჩენიდან ერთ წელში მოგებაზე გავიდა - კომპანიის გეგმები

61fbe3e637676
ვიქტორია მღებრიშვილი
03.02.22 23:20
1981
პანდემიის პერიოდში ამოქმედებული ქართული, უნიკალური რეცეპტურის სასმელის Charles Rullo იგივე „ჩაკ რულოს“ მწარმოებელი სტარტაპი ბაზარზე გამოჩენიდან ერთ წელიწადში მოგებაზე გავიდა.

Charles Rullo, იგივე „ჩაკ რულო“ უნიკალური რეცეპტით და ჭაჭის ინსპირაციით შექმნილი ალკოჰოლური სასმელია, თუმცა ტრადიციული ჭაჭა არ არის. „ჩაკი“ რქაწითელის ყურძნის დისტილატის და ნატურალური შავი სტაფილოს ნაზავია, რაც მას ვიზუალურად მიმზიდველს, რბილად დასალევს და განსაკუთრებით არომატულს ხდის. სასმელში ალკოჰოლის შემცველობა 40%-ია.

პარტნიორებს ლევან ჩიკვაიძესა და ლევან ტურძელაძეს ყურძნის განსხვავებული პროდუქტის შექმნის იდეა დაახლოებით 2017 წელს გაუჩნდათ და ამის შემდეგ მის რეცეპტურაზე მუშაობა დაიწყეს. როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელი ლევან ჩიკვაიძე განმარტავს, ბრენდის კონცეფცია მოგზაურობასთან და კოსმოსთან კავშირშია და ბრენდის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.

„სტარტაპში მინიმალური ინვესტიცია ჩავდეთ. ეს დაახლოებით 15 000 ლარი იყო, თუმცა წლის განმავლობაში ბრუნვამ 150-200 ათასი ლარი შეადგინა და მოგებაზეც გავედით, რაც ჩვენთვის, როგორც დამწყები ბიზნესისთვის ძალიან კარგი შედეგია. პროდუქტს აუთსორსზე წინანდლის მამულთან თანამშრომლობით ვაწარმოებთ. ამ ეტაპზე პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს და Charles Rullo წარმოება რეცეპტურის მაქსიმალური დაცვით ხდება“, - უთხრა BM.GE-ის ლევან ჩიკვაიძემ.

მისი ინფორმაციით, დაფუძნებიდან 1 წლის შემდეგ კომპანია 5 000-მდე ბოთლის რეალიზება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, ჰორეკა სექტორთან თანამშრომლობით შეძლო. დღეისთვის „ჩაკ რულო“ "აჭარა ჯგუფის' რესტორნებში, 30-მდე ბარში, მთის კურორტებზე მოქმედ ობიექტებზეა წარმოდგენილი. ამასთან, მომხმარებელს მისი შეძენა „ალკორიუმის“ და „სმარტის“ რამდენიმე ფილიალში 26-28 ლარად შეუძლია.

„ამ სასმელის განმასხვავებელი ის არის რომ მარტივად გამოიყენება კოქტეილის ბაზაში გასამიქსად, რაც რესტორნებისთვის განსაკუთრებით მისაღები იყო“, - აღნიშნა ბრენდის თანადამფუძნებელმა.

მცირე წარმოების მიუხედავად, კომპანიაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრებიდან მოთხოვნა იქნება, მათ „ჩაკ რულოს“ წარმოების მოცულობების გაზრდის და მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა ექნებათ. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე ჩაშვებიდან 1 წლის შემდეგ კომპანია Charles Rullo-ს იგივე „ჩაკ რულოს“ ექსპორტზე გატანითაც ინტერესდება, თუმცა დამფუძნებლები კონკრეტულ ბაზრებს ჯერ არ ასახელებენ.

„ექსპორტის მიმართულებით დავიწყეთ მოლაპარაკებები. სხვადასხვა შემოთავაზება გვაქვს. რამდენიმე თვით ადრე თუ გვეცოდინება საექსპორტო მოთხოვნა რამდენია ჩვენ ამ მოცულობის დაკმაყოფილებას შევძლებთ“, - უთხრა BM.GE-ის Charles Rullo ბრენდის ერთ-ერთმა შემქნელმა.