მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაყიდვაში ჩაშვებიდან 4 დღეში ჩვენი პირველი "საქმე" სრულად ამოიყიდა“ – „დამნაშავის ლოგიკა“

645a0294f0b90
სალომე ხიდურელი
09.05.23 20:00
1357
„შევქმენით პირველი, უნიკალური, საგამოძიებო ჟანრის ქართული სამაგიდო თამაში“, - ამის შესახებ BM.GE-ს „დამნაშავის ლოგიკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ანანო ჩიხლაძემ განუცხადა და სამაგიდო თამაშის შექმნის მიზეზებზე ისაუბრა.

„მე და ჩემს კურსელებს, მარკეტინგის კურსის ფარგლებში, კონკრეტული თანხის გამომუშავება დაგვავალეს. ჩვენი მიზანი კი თავიდანვე ისეთი პროდუქტის შექმნა იყო, რაც ამ თანხას საკმაოდ მოკლე დროში გამოგვამუშავებინებდა. შესაბამისად, იდეა უნდა ყოფილიყო ორიგინალური, ინოვაციური და საზოგადოების ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული.

ჩვენი მცირე კვლევის შედეგად კი ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა: 1. “დამნაშავის ლოგიკის” შექმნამდე საქართველოში ასეთი ტიპის სამაგიდო თამაში არ არსებობდა;  2. მსგავსი ჟანრის სამაგიდო თამაშებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო“, - ამბობს ანანო ჩიხლაძე.

მისი თქმით, დავალებისთვის შექმნილი პროდუქტი სტარტაპად მას შემდეგ გადაიქცა, რაც აღმოაჩინეს, რომ თამაშით საზოგადოება მოსალოდნელზე მეტად დაინტერესდა.

„ვიცოდით, რომ კარგ შედეგზე გავიდოდით, მაგრამ იმ შედეგს, რომელიც რეალურად მივიღეთ, ნამდვილად არ ველოდით: გაყიდვაში ჩაშვებიდან დაახლოებით 4 დღეში, ჩვენი პირველი საქმე სრულად ამოიყიდა. ეს ჩვენთვის დიდი წარმატება იყო, რამაც სტიმული მოგვცა, რომ ჩვენი პროდუქტი დავალების ჩარჩოებს გასცდენოდა და მომავალშიც გაეგრძელებინა არსებობა“, - აღნიშნავს „დამნაშავის ლოგიკის“ თანადამფუძნებელი.

როგორც ანანო ჩიხლაძე განმარტავს, მათი სამაგიდო თამაში, გართობის გარდა, კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების, დაკვირვებისა და დედუქციის, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანისა და ფიქრის უნარის განვითარებაშიც ემსახურება.

„თამაშის წესები ძალიან მარტივია, თქვენი უმთავრესი მოვალეობაა, მოირგოთ გამომძიებლის როლი, გაეცნოთ საქმეში არსებულ ყველა დოკუმენტს, მიჰყვეთ ლოგიკას და იპოვოთ დამნაშავე.

თითოეულ საქმეს, მისი სიუჟეტიდან გამომდინარე, განსხვავებული ასაკობრივი შეზღუდვა აქვს: 12+; 14+; 16+. ჩვენი სეგმენტი, როგორც წესი, ძირითად შემთხვევაში 12- 30 წლის ადამიანები არიან, თუმცა საქმეების გამოძიებით, როგორც შედარებით პატარები, ასევე დიდებიც ინტერესდებიან“, - ამბობს ანანო ჩიხლაძე.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, „დამნაშავის ლოგიკის“ თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გუნდი პროდუქტის დახვეწასა და განვითარებაზე მუდმივად მუშაობს, თუმცა მთავარი სირთულე სტარტაპისათვის ფინანსური რესურსის მოძიებაა.

„განვითარებისკენ ვისწრაფვით, არაერთი იდეა და გეგმა გვაქვს, რომელიც, თუნდაც ფინანსური რესურსის თვალსაზრისით, მოკლე დროში ვერ განხორციელდება. დიდი სურვილი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ სტარტაპ პროექტებში, უფრო ხელმისაწვდომი ვიყოთ და ჩვენი მთავარი გამოწვევაც ახლა ალბათ სწორედ ამას უკავშირდება“, - განმარტავს ანანო ჩიხლაძე.

„დამნაშავის ლოგიკის“ საწყისი ინვესტიცია 1000 ლარის ფარგლებში იყო. სამაგიდო თამაშების შეძენა მათი სოციალური არხების მეშვეობითაა შესაძლებელი: „გვაქვს როგორც 49 (12+, 14+), ასევე 55 (16+) და 59 (14+) ლარიანი საქმეები“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები