მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იპოდრომზე სპორტ-კომპლექსის მოსაწყობად ₾8 მლნ–ის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს"

6242c665ad00f
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.22 13:00
1757
იპოდრომზე სპორტ-კომლექსის მოსაწყობად გამართულ აუქციონში გამარჯვებული შპს „კორტებია“, რომელმაც პროექტის განსახორციელებლად 8 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თუმცა მანვე აღნიშნა, რომ ეს თანხა კახა კალაძის მიერ წარდგენილი პროექტის განხორციელებისთვის საკმარისი არ იქნება და ინვესტორს მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მოსაწყობად უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება მოუწევს.

„იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ არსებული ტერიტორია, სადაც ადრე ჩოგბურთის კორტები იყო მოწყობილი, აუქციონზე სპორტული კომპლექსის მოწყობის, მათ შორის ჩოგბურთის კორტების მოწყობის, პირობით იყო გატანილი. ინვესტიცია დაახლოებით 8 მლნ ლარი იყო, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ იქნება იმ პროექტის განსახორციელებლად, რომელიც დედაქალაქის მერმა დღეს საზოგადოებას წარუდგინა. ინვესტიცია ალბათ უფრო მეტი იქნება რაც მისასალმებელია. იქ მოეწყობა 3 ჩოგბურთის კორტი: 1 - ღია, 2 - დახურული, დახურული აუზი, ფიტნეს კლუბი, კვების და დასასვენებელი სივრცეები. ეს იქნება საქალაქო მნიშვნელობის პარკის პროექტი“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა და დასძინა, რომ პროექტი 2-3 წლის ვადაში უნდა დასრულდეს.

კახა კალაძემ პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტს  კორპუსების აშენების მიზნით გასხვისებული ამ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობის გზით დაბრუნება "საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა“. აქედან გამომდინარე BM.GE-მ ირაკლი ხმალაძეს ჰკითხა - რა დაუჯდა კორტების დაბრუნება მუნიციპალიტეტს, რაზეც ვიცე-მერმა ასე უპასუხა:

„ადგილმონაცვლეობა შესაბამის მიწის ნაკვეთის გადაცემით ხდება და თუ არ ვცდები 8 მლნ ლარად შეფასდა ეს ქონება. თუმცა აუქციონზე კორტების მიწის ნაკვეთის გაყიდვა ამ ფასად ვერ მოვახერხეთ, რადგან ჩვენ ეს ნაკვეთი საკორპუსედ არ გაგვიყიდია და შესაბამისად, პროექტის ბიზნეს ღირებულება გაცილებით დაბალი იყო. ამიტომ რეალიზაცია უფრო იაფად მოხდა. თუმცა პრაქტიკულად, ეს სხვაობა ჩვენი მოსახლეობისთვის საქალაქო სიკეთის შესაძენად გადავიხადეთ“.

ცნობისთვის: ე.წ. კორტების ტერიტორიაზე გასული წლის ბოლოს გამოცხადებულ აუქციონში ჯერ კიდევ 2021 დეკემბერში კომპანიამ „კორტები“ გაიმარჯვა. იმ პერიოდისთვის ინვესტორს ადგილზე 5 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს “კორტები” 2021 წლის 17 ნოემბერსაა რეგისტრირებული, მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი დავით კოპაძეა.

საინვესტიციო ვალდებულებით, რომელიც ინვესტორმა თბილისის მერიისგან აიღო, შპს “კორტები” ვალდებულია ადგილზე არანაკლებ 3 ჩოგბურთის კორტი და სპორტული ინფრასტრუქტურა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში მოაწყოს.

აღსანიშნია, რომ ე.წ კორტების ტერიტორია თბილისის მერიამ კერძო მფლობელისგან 2020 წლის თებერვალში დაიბრუნა. კომპანია “სიმეტრიას” ადგილმონაცვლეობა შესთავაზეს და ალტერნატიული უძრავი ქონება საბურთალოს და ჩუღურეთის რაიონში გადაეცა.