მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაშლილი შესყიდვის შემდეგ მთავრობა ინტერნეტიზაციის პროგრამის ახალ ტენდერს აცხადებს

60d1c176972bf
შოთა ტყეშელაშვილი
22.06.21 15:15
1120
2 მილიონი ლარის ტენდერი, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულმა “ოუფენ ნეტმა” აპრილში გამოაცხადა, ჩაიშალა. ამ თანხით ქობულეთის რაიონში 47 კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გაყვანა იყო გათვალისწინებული. ტენდერს ერთადერთი მონაწილე “პარვუს ჯგუფი” ჰყავდა, თუმცა კომპანია დისკვალიფიცირებულია. ტენდერიდან მისი მოხსნის შემდეგ ახალი შესყიდვა გამოცხადდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონიდან 2.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ტენდერის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ქობულეთის რაიონში 47კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები უნდა გაიყვანოს. პროექტის ფარგლებში ქალაქ ქობულეთსა და მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალ 14 სოფელში ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტზე დაშვების პუნქტები უნდა შეიქმნას.

გამოქვეყნდა მთავრობის 16 ივნისის დადგენილება, რომლითაც ამ პროექტის განხორციელების საბოლოო ვადად 2021 წლის 31 დეკემბერი გამოცხადდა.

ეს “ოუფენ ნეტის” მეორე პროექტი იქნება, პირველი - 10-მილიონიანი პროექტით ორგანიზაციამ გურიის ინტერნეტიზაცია განახორციელა, თუმცა მაშინ პროექტი ტენდერის გარეშე, “პარვუს ჯგუფთან” პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმების გზით განხორციელდა. ეს პროექტი 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მიმწოდებელ კომპანიას პროექტის ჩაბარების ვადა 2021 წლის 28 თებერვლამდე გადაეწია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, დაინტერესებულ კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 12-17 მაისის პერიოდში შეეძლებათ. ტენდერის თანახმად, პრეტედენტებს მინიმუმ 50 კილომეტრის სიგრძის მიწისქვეშა კაბელების მშენებლობის გამოცდილება უნდა ჰქონდეთ.

საყოველთაო ინტერნეტიზაცია

საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ გასულ წელს დაიწყო. პროექტისთვის მთავრობამ "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა. ამჟამად ამ ა(ა)იპ-ს მარიამ სულაბერიძე ხელმძღვანელობს, რომელიც 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით “კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველის პოსტსაც იკავებდა.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტისთვის 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.

ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან.

2015 წელს განიხილებოდა, რომ ამ პროექტის დაფინანსებას “ქართუ ფონდი” 100 მილიონი დოლარით მოახდენდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ფონდი ამ მიმართულებით ინვესტიციებს არ გეგმავდა. ამჟამად, საქართველო პროექტს როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან, ასევე მსოფლიო ბანკის კრედიტით აფინანსებს. 2020 წლის 28 აგვისტოს მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა $40 მილიონი დოლარის მოცულობის პროექტი Log In Georgia (რებრენდინგით პროექტს სახელი შეეცვალა), ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული სესხი 25-წლიანია, საიდანაც პირველი 14 წელი საშეღავათოა ანუ საქართველო ამ ვალის გადახდას 14 წლის შემდეგ დაიწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები