მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭავჭავაძეზე მიმდინარე სამუშაოები, იქ არსებულ ბიზნესს აზარალებს – რესტორატორთა ასოციაცია

5e2025b866e61
მარიამ ადამია
16.01.20 13:00
1317
"ჭავჭავაძის ქუჩა შეიძლება, ერთ წელიწადში ძალიან ლამაზი იყოს, თუმცა დღეს, ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ქუჩაზე ოპერირებენ, შეიძლება ჩამოიშალონ", - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ, გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები უკვე ითვლიან დიდ ზარალს, სახელმწიფო კი არ არის ამ კუთხით დაინტერესებული.

"სახელმწიფო ვალდებულია იფიქროს და შეიმუშაოს გეგმა, რითიც დაეხმარება ბიზნესს, გააკეთოს რაიმე აქცია, საგადასახადო ან კომპენსაციის კუთხით. ბიზნესს სჭირდება ინფრასტრუქტურის შექმნა და მხარდაჭერა, მაგალითად, დაწესდეს საგადასახადო შეღავათები. მსგავსი პრაქტიკა არსებობს სხვა ქვეყნებში და როდესაც სამუშაოები მიმდინარეობს ქუჩებზე, ყოველთვის ხდება ბიზნესის გარკვეული ნაწილის კომპენსირება", - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მართალია ყველა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, თუმცა გარკვეული შეღავათი მაინც იქნება იმ ბიზნესისთვის, რომელიც ოპერირებს ტერიტორიაზე, სადაც გზის რეაბილიტაცია მაისის ბოლოდან დღემდე გრძელდება და ამას წყლის ხშირი გათიშვები და ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ემატება.

"ცხადია, გადათხრილი ჭავჭავაძის გამო, ამ ტერიტორიაზე ოპერირებად ბიზნესში თუ არ ჩადის ფული, ეს იმას არ ნიშნავს რომ ეკონომიკას აკლდება, რადგან ადამიანები სხვაგან მიდიან სხვა უბანში, მაგრამ საბოლოოდ ბიზნესი ხომ მაინც დაზარალებული რჩება, შესაძლოა ისინი დაიხურონ კიდეც. ცხადია ჭავჭავაძე ისეთი ადგილია, ინტერესი ყოველთვის იქნება და ერთი კომპანია თუ დაიხურება, მეორე გაიხსნება, თუმცა ერთადერთი, რაც არ შეიცვლება, ეს პრობლემებია, რადგან დღეს საზოგადოების მოთხოვნას სარესტორნო ბიზნესი ვერ აკმაყოფილებს და ვერც სახელმწიფო ეხმარება მათ", - განაცხადა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები