მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი სოფელი: ადგილობრივი ავეჯის წარმოების დანერგვა ხულოში

5f807f4c04d14
BM.GE
10.10.20 09:30
1174
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში მცხოვრებმა გურამ აბულაძემ ბავშვობიდან დაიწყო ხეზე მუშაობა, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ კი დიდი ხნის ოცნება აისრულა – თანასოფლელები შემოიკრიბა და გახსნა ხის საამქრო, სადაც სერიული ავეჯის წარმოება დაიწყო.

საქმიანობის საწყის ეტაპზე ხელოსანს არ გააჩნდა საკმარისი რესურსი მომხმარებელთა დასაკმაყოფილებლად, ამიტომ უწევდა ავეჯის თურქეთიდან იმპორტირება. ყველაფრის მიუხედავად გურამს სურდა, ავეჯი მხოლოდ საქართველოში შეექმნა. მიზნის მისაღწევად იგი 2019 წელს ჩაერთო ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ მობილიზებულ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომლის ფარგლებშიც შეძლო ბიზნესის ახალ ეტაპზე გადაყვანა – შეიცვალა საქმიანობის ლოკაცია , მცირე საწარმოდან გადავიდა 3000 კვადრატულ შენობაში, სადაც განთავსდა უახლესი ტიპის დაზგა-დანადგარები. ამ ეტაპზე გურამსა და მის 35 კაციან გუნდს შეუძლია შექმნას თანამედროვე დიზაინის და მაღალი ხარისხის ავეჯი.

ხულოს LAG პროექტებს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიხედვით აფინანსებს. როგორც LAG-ის წარმომადგენელი ასლან ტუნაძე გვიყვება, მათ სტრატეგიაში ექვსი პრიორიტეტული მიმართულებაა: „მოსახლეობას გრანტის შესახებ განაცხადის შემოტანის წინ მოვუწოდებთ, რომ სტრატეგიულ პრიორიტეტებს მოარგონ იდეა. ამგვარად, მაქსიმალურად ვცდილობთ თანაბარი უპირატესობით დავუჭიროთ მხარი როგორც სოფლად ტურიზმის განვითარებას, აგრეთვე ხელი შევუწყოთ სასოფლო თუ არასასფოლო მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებას. ხულოს LAG-მა საერთო ჯამში დააფინანსა 73 პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე“.

სწორედ ამ პროექტებიდან იყო ერთ-ერთი გურამ აბულაძის საწარმოს განვითარება, რომლის ფარგლებშიც ოსტატმა მოახერხა ოცნების რეალობად ქცევა – საბოლოოდ უარი თქვა იმპორტზე და სრულად გადაერთო ქართული პროდუქციის წარმოებაზე. უფრო მეტიც, მის მიერ წარმოებული საქონელი ხასიათდება იმპორტირებული საქონლის მიმართ მაღალი კონკურენტუნარიანობით, რის შედეგად ტექნო ჯორჯია წარმატებით იმკვიდრებს ადგილს შიდა ბაზარზე, კერძოდ, სხვადასხვა ქალაქის სავაჭრო ცენტრებში, რაც დიდ უპირატესობას აძლევს უფრო გაფართოვდეს და დაასაქმოს მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი. ამ მხრივ შედეგი უკვე სახეზეა, კერძოდ 1 წელში გურამმა შეძლო დასაქმებულთა რაოდენობა 8 -დან 35-მდე გაეზარდა.





„ევროკავშირის პროექტმა და ხულოს LAG-მა სულ სხვაგვარად წარმართა ჩვენი საქმიანობა. თუ მანამდე მხოლოდ რბილი ავეჯის კარკასს ვამზადებდით, ახლა შესაძლებლობა მოგვეცა ავეჯი თავიდან ბოლომდე გვეწარმოებინა. ვახორციელებთ ბევრ ისეთ საქმიანობას, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, ირგვლივ არსებული სოფლებიდან დასაქმდა გაცილებით მეტი ადამიანი, მათ შორის ქალბატონები, რომელთა რიცხვის ზრდას უახლოეს მომავალში კიდევ ვგეგმავთ“,
– გვიყვება გურამ აბულაძე.

უნდა ითქვას, რომ ხულოს LAG-ის მუშაობის მანძილზე გამოიკვეთა სოფლებში განსხვავებული საქმიანობების განვითარების საჭიროება და დაიწყო ამ კუთხით ადამიანების დახმარება. კერძოდ, სასოფლო და არასასოფლო ბიზნესის ხელშეწყობა, რათა ადგილზე წარმოებული პროდუქცია გაყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი გამხდარიყო და მოეცვა არამხოლოდ მუნიციპალიტეტი და რეგიონი, არამედ ქვეყანა.

„ტექნო ჯორჯიას არსებობა და მისი წარმოებული პროდუქცია ხულოსთვის დიდი მნიშნველობის მატარებელია. ბატონმა გურამმა, მას შემდეგ რაც პროექტში ჩაერთო, თავისი საქმიანობა საგრძნობლად განავითარა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მაქსიმალური ძალისხმევა ჩადო ხულოში ბიზნესის განსავითარებლად. ჩვენ გვიხარია, რომ საწარმოს მხრიდან შედეგმაც არ დააყოვნა – მაშინ, როცა კორონავირუსის პირობებში ადამიანთა საქმიანობები შეფერხდა, ტექნო ჯორჯიას არცერთ ეტაპზე არ განუცდია კრახი. ეს სასიხარულო და საამაყოცაა“, – ამბობს ასლან ტუნაძე.

მაღალმთიან აჭარაში დამზადებული ავეჯი მოთხოვნადი საქართველოს რამდენიმე რეგიონშია. ხელოსნის თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა ერთჯერადად 30-ზე მეტი რაოდენობის ავეჯი მოუთხოვიათ, რაც საწარმომ 1 კვირის განმავლობაში დაამზადა. კერძო შეკვეთების მიღებისას, კი მყიდველებს ლოდინი მხოლოდ 1-2 დღით უწევთ.

„გაზრდილი ადამიანური თუ ტექნიკური რესურსების წყალობით ახლა გაცილებით მეტ შეკვეთას ვიღებთ. ძირითადად დაინტერესებულები არიან სხვადასხვა რეგიონში არსებული ავეჯის მაღაზიები. ისინი გვთავაზობენ უცხოურ მოდელებს და ჩვენ გაცილებით ნაკლებ ფასში ვუმზადებთ იდენტურ ავეჯს. ჩვენი მისიაც ესაა, კონკურენცია გავუწიოთ იმპორტირებულ საქონელს და შევქმნათ ისეთი ხარისხის ქართული ნაწარმი, რომლის მოთხოვნა ბაზარზე ყოველთვის იქნება“, – გვეუბნება გურამ აბულაძე.

ბენეფიციარს სურს, რომ კიდევ უფრო მეტად გააფართოვოს წარმოება, დაიმკვიდროს თავი ქვეყნის შიდა ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას ადგილობრივი წარმოებით, ადგილობრივი შრომითი რესურსების მეტ ჩართულობას საქმიანობაში და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას: „ახლა, როცა პროექტში მონაწილეობამ სარგებელი გამოიღო, უკან არ დავიხევთ, პირიქით, მჯერა, რომ ჩვენ ყოველთვის წინ ვივლით, გავიზრდებით, განვითარდებით და კიდევ უფრო ბევრ ადგილობრივს დავასაქმებთ“, – ამბობს გურამ აბულაძე.
NS