მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინელ მილიარდერს 13 წლით პატიმრობა და $8.1-მილიარდიანი ჯარიმა მიესაჯა

62ff9c4aec065
გიორგი თოლორდავა
19.08.22 18:54
2939
შანხაის სასამართლომ ჩინელ მილიარდერ სიაო ჯიანხუას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მის კომპანია Tomorrow Holdings-ს რეკორდული, $8.1-მილიარდიანი ჯარიმა დააკისრა.

სასამართლოს მტკიცებით, ჯიანხუა 2001 წლიდან მოყოლებული აქტიურად იყო ჩართული კორუფციულ გარიგებებში და მას ბრალად ედება: ბიუჯეტის თანხების მითვისება, თანამდებობის პირების მოსყიდვა, ფულის გათეთრება და კორუფციული სქემების განხორციელება.

ჩინურ-კანადური წარმოშობის მეწარმე ქვეყნის მასშტაბით არაერთ კომპანიას ფლობდა, თუმცა მისი ჰოლდინგის ძირითადი საქმიანობა საბანკო-საფინანსო და უძრავი ქონების სექტორებს მოიცავდა - 2016 წელს მისი ქონება 6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ჯიანხუას მჭიდრო კავშირები ჰქონდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნებთან. მოსამართლის თქმით, მათი ნაწილი ჯიანხუასთან სწორედ კორუფციული მიზნებით თანამშრომლობდა.

2017 წელს ის ჩინელმა სპეცრაზმელებმა გაიტაცეს, მას შემდეგ ჯიანხუა საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. საგულისხმოა, რომ მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და კანადის საელჩომ მისი ექსტრადიცია მოითხოვა, თუმცა ჩინეთის მთავრობამ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მილიარდერი ბიზნესმენი ჩინური კანონმდებლობით გაასამართლა.