მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ჩინეთის შორის ვაჭრობა ექსპორტის კლების ხარჯზე შემცირდა

ჩინეთი ვაჭრობა

ბოლო თვეებში განმავლობაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ჩინეთში ვიზიტები გახშირდა. სექტემბერ-ოქტომბერში პრემიერი და ვიცე-პრემიერი ერთმანეთის მიყოლებით იმყოფებოდნენ ჩინეთში. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდებოდა. მისივე თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამთავრობო დონეზე უმაღლეს ნიშნულზეა; სხვადასხვა სამინისტრო, უწყება და რეგიონი აქტიურად არიან ჩართულნი ამ ძალისხმევაში და ეს მრავალმხრივი თანამშრომლობა უდავოდ ქვეყნების საერთო მიზნებისადმი ერთგულებას ცხადყოფს. „საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ, რომელიც 2018 წლის იანვარში შევიდა ძალაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მსხვილი ვაჭრობის უზრუნველყოფაში, რომელიც 2 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს ყოველწლიურად მისი ხელმოწერის დღიდან. შედეგად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა პირველ სამეულში მუდმივად ხვდება ჩინეთი“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორია ქვეყნებს შორის ვაჭრობის დინამიკა და რით ვვაჭრობთ მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან - ამ კითხვებზე პასუხს ოფიციალური სტატისტიკიდან ვიღებთ.

ჩინეთთან ვაჭრობის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ 10-თვიან პერიოდზე დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდებოდა და 2021 წელს 1 მლრდ დოლარსაც გადააჭარბა. გამონაკლისი მიმდინარე წელი აღმოჩნდა, როცა ამ პერიოდში ვაჭრობა ჩინეთთან შემცირდა. ბოლო 5 წელში 10 თვის ვაჭრობის დინამიკა ასეთია:

2018 წელი 10 თვე - 870 მლნ დოლარი;

2019 წელი 10 თვე - 992 მლნ დოლარი;

2020 წელი 10 თვე - 1.225 მლრდ დოლარი;

2021 წელი 10 თვე - 1.529 მლრდ დოლარი;

2022 წელი 10 თვე - 1.406 მლრდ დოლარი;

2023 წლის 10 თვის სტატისტიკით ჩინეთმა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 7.9%-იანი წილით სამეულში აღარ გვხვდება. მან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. იანვარ-ოქტომბერში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 8%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 406 მილიონი დოლარი შეადგინა.

გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობაში ძირითადი წილი იმპორტზე მოდის, ექსპორტს კი მცირე ადგილი უკავია. თუმცა წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველოდან ჩინეთში საქონლის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ჩინეთი ექსპორტის მიმართულებით პირველი სავაჭრო პარტნიორი იყო, წელს ამავე პერიოდში ქვეყანამ TOP-საექსპორტო მიმართულებებს რეიტინგში 5.4%-იანი წილით მეშვიდე ადგილი დაიკავა. ექსპორტი კი 54.9%-ით 274.1 მლნ დოლარამდე შემცირდა.

ჩინეთის მიმართულებით საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის, ასევე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია, რომელთა ექსპორტი მიმდინარე წელს მნიშვნელოვნადაა შემცირებული. მცირედი კლება ფიქსირდება ღვინის, დაუმუშავებელი ალუმინის და სპილენძის ჯართის რეალიზების კუთხითაც.

TOP-10 საექსპორტო საქონელი ჩინეთში:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $171.7 მლნ, 93 822 ტონა;
  2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $46.8 მლნ, 15 981 ტონა;
  3. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $24.8 მლნ, 73 ტონა;
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $9.4 მლნ, 2 632 ტონა;
  5. სანელებლები - $5.1 მლნ, 2 047 ტონა;
  6. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - $3.8 მლნ, 6 ტონა;
  7. სპილენძის ნარჩენები და ჯართი - $2.7 მლნ, 490 ტონა;
  8. მსუბუქი ავტომობილები - $1.5 მლნ;
  9. ალუმინი დაუმუშავებელი - $1 მლნ, 474 ტონა;
  10. რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული - $864 ათასი, 3 ტონა.

რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-ოქტომბერში ჩინეთიდან საქართველომ 1 მილიარდ 132 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტს 22.8%-ით აღემატება. ამგვარად, უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს რეიტინგში ჩინეთი 8.9%-იანი წილით მეოთხე ადგილზეა.

იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

  1. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $52.3 მლნ, 531 ტონა;
  2. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $42.9 მლნ, 48 692 ტონა;
  3. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - $38 მლნ, 14 439 ტონა;
  4. მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - $35.4 მლნ, 5 099 ტონა;
  5. ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები - $23 მლნ, 3 070 ტონა;
  6. აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის - $22.2 მლნ, 1 065 ტონა;
  7. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - $22 მლნ, 6 023 ტონა;
  8. სატვირთო ავტომობილები - $21.5 მლნ;
  9. მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - $19.4 მლნ, 4 123 ტონა;
  10. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები - $19.1 მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები