მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რით ვვაჭრობთ ჩინეთთან, რომელიც №5 სავაჭრო პარტნიორია?

საქართველო / ჩინეთი

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ 597 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც $190 მილიონით, ანუ 13.5%-ით მეტია, ვიდრე შარშან. თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი 2023 წლის განმავლობაში ბრუნვამ მილიარდ 640 მილიონი შეადგინა და თან, საქართველოს და ჩინეთს შორის დაახლოების პროცესი გრძელდება, წელს, შესაძლოა, ჩინეთთან ვაჭრობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდეს. მიმდინარე წლის ათ თვეში, ჩინეთთან ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრადაა გადახრილი იმპორტისკენ, რომელზედაც ბრუნვის თითქმის 84% მოდის. იანვარ-ოქტომბერში, იმპორტმა მილიარდ 340 მილიონი დოლარი შეადგინა, როცა ექსპორტი სულ რაღაც $256.7 მილიონი იყო.

რას ვყიდულობთ ჩინეთში?

ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი ღირებულებით ფოლადის ნაწარმი შემოდის, რაც ჩინეთის ინდუსტრიულ წარმოებას უკავშირდება — ამ პროდუქტის იმპორტში წელს საქართველომ $43.7 მილიონი გადაიხადა. მეორე ადგილს იმპორტით სატვირთო ავტომობილები იკავებს, რაც საქართველოს $43 მილიონი დაუჯდა. მესამე ადგილს $42.5 მილიონის იმპორტით კონდიციონერები იკავებს, ხოლო საბურავებზე ქვეყანამ $41.6 მილიონი დახარჯა. ჩინეთიდან ასევე შემოდის კომპიუტერები, რაც ამ ქვეყანაში არსებულ დიდ წარმოებას და LENOVO-ს მსგავსი ჩინური კომპანიების ნაწილის ტექნოლოგიურ დომინაციას უკავშირდება — საერთო ჯამში, წელს საქართველოში $36.7 მილიონის კომპიუტერები შემოვიდა.

რას ვყიდით ჩინეთში?

ჩინეთთან მიმართებით, ექსპორტის კუთხით განსხვავებული მდგომარეობაა. ყველაზე დიდი ღირებულებით საქართველოდან ჩინეთში ძვირფასი ლითონები გადის, რამაც ქვეყანას წელს $157.7 მილიონის შემოსავალი მოუტანა. საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში მეორე ადგილს სპილენძის მადნები იკავებს — ამ პროდუქტის ექსპორტმა სექტორს $27.4 მილიონის შემოსავალი მოუტანა. ჩინეთი დიდი რაოდენობით ქართულ სანელებლებსაც ყიდულობს, რაზედაც წელს $26.7 მილიონი დახარჯა. სამედიცინო ხელსაწყოების იმპორტი ჩინეთს წელს $19.2 მილიონი დაუჯდა, როცა ქართულ ღვინოში მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ $7.5 მილიონი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ყველა ქვეყანასთან $19 მილიარდი შეადგინა, რაც თითქმის $1 მილიარდით, ანუ 5.5%-ით მეტია, ვიდრე შარშან და თან, წლის ამ პერიოდისთვის დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს, ანუ რეკორდს წარმოადგენს. შარშან, ბრუნვის ჯამურმა მაჩვენებელმა $21.7 მილიარდი შეადგინა და თუ იმპორტ-ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მიმდინარე წელი, სავარაუდოდ, ამ მხრივაც რეკორდული იქნება.

საგარეო ვაჭრობა, რომელიც იმპორტის და ექსპორტის მონაცემებით ფორმირდება, კვლავ მკვეთრად იმპორტისკენაა გადახრილი, რაც საქართველოს ეკონომიკის ბუნებით აიხსნება. მიმდინარე წლის ათ თვეში, ექსპორტმა თითქმის $5.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტი კი $13.5 მილიონის ტოლი იყო. ექსპორტმა, შესაბამისად, წლიურად 7.4%-ით იმატა, როცა იმპორტი 4.8%-ითაა გაზრდილი. იმპორტის, ისევე, როგორც ექსპორტის ზრდა, უმეტესწილად მსუბუქ ავტომობილებს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები