მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რით ვვაჭრობთ აშშ-სთან, რომელიც საქართველოს №4 სავაჭრო პარტნიორია?

აშშ / საქართველო

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ 728 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც $91 მილიონით, ანუ 5%-ით ნაკლებია, ვიდრე შარშან. საერთო ჯამში, საქართველოს და მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს ვაჭრობა არაერთგვაროვანია და მერყეობით გამოირჩევა. ამ კუთხით რეკორდი შარშან დაფიქსირდა, როცა ბრუნვამ 2 მილიარდ 147 მილიონ დოლარს გადააჭარბა, მაგრამ წელს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება ნაკლებადაა სავარაუდო. მიმდინარე წლის ათ თვეში, ამერიკასთან ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრადაა გადახრილი იმპორტისკენ, რომელზედაც ბრუნვის 92.3% მოდის. იანვარ-ოქტომბერში, იმპორტმა მილიარდ 596 მილიონი დოლარი შეადგინა, როცა ექსპორტი სულ რაღაც $132 მილიონის ტოლი იყო.

რას ვყიდულობთ აშშ-ში?

ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ყველაზე დიდი ღირებულებით მანქანები შემოდის, რაც იქ არსებულ სადაზღვევო აუქციონებს და საქართველოს რეგიონულ საავტომობილო ჰაბად გადაქცევას უკავშირდება — მსუბუქი ავტომობილების იმპორტში წელს საქართველომ $1.5 მილიარდი გადაიხადა. მეორე ადგილს იმპორტით თხილი და სხვა კაკალი იკავებს, რაც საქართველოს $19.8 მილიონი დაუჯდა. მესამე ადგილს $7.8 მილიონის იმპორტით შინაური ფრინველის საკვები იკავებს, ხოლო სხვა ტიპის საკვებში ქვეყანამ $5.4 მილიონი გადაიხადა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ასევე ხორციელდება მოტოციკლების და ველოსიპედების იმპორტი, რაც ქვეყანას წელს $5 მილიონი დაუჯდა.

რას ვყიდით აშშ-ში?

თურქეთთან მიმართებით, ექსპორტის კუთხით განსხვავებული მდგომარეობაა. ყველაზე დიდი ღირებულებით საქართველოდან ამერიკაში, ისევე, როგორც თურქეთში, ფეროშენადნობები გადის, რამაც ქვეყანას წელს $90.3 მილიონის შემოსავალი მოუტანა. ფეროშენადნობების მიღმა, შეერთებულ შტატებთან მიმართებით ექსპორტის ორნიშნა მაჩვენებელი არც ერთ სხვა პროდუქტთან მიმართებით არ ფიქსირდება. ექსპორტით მეორე ადგილს $6.6 მილიონის ღირებულების თვითმფრინავის ნაწილები იკავებს, მესამეზე კი $6.4 მილიონის ღვინოს ვხვდებით. ამრიგად, რუსეთში ღვინის გაყიდვით მიღებული შემოსავალი ამერიკიდან მიღებულ შემოსავალს 25-ჯერ აღემატება. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე შავი ლითონების მილებს და წყალბადს ვხვდებით, რომელთა გაყიდვით საქართველომ $5.9 მილიონის და $4.4 მილიონის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება ჯამურად 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვას ყველა ქვეყანასთან ერთად, $19 მილიარდი შეადგინა, რაც თითქმის $1 მილიარდით, ანუ 5.5%-ით მეტია, ვიდრე შარშან და თან, წლის ამ პერიოდისთვის დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს, ანუ რეკორდს წარმოადგენს. შარშან, ბრუნვის ჯამურმა მაჩვენებელმა $21.7 მილიარდი შეადგინა და თუ იმპორტ-ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მიმდინარე წელი, სავარაუდოდ, ამ მხრივაც რეკორდული იქნება.

საგარეო ვაჭრობა, რომელიც იმპორტის და ექსპორტის მონაცემებით ფორმირდება, კვლავ მკვეთრად იმპორტისკენაა გადახრილი, რაც საქართველოს ეკონომიკის ბუნებით აიხსნება. მიმდინარე წლის ათ თვეში, ექსპორტმა თითქმის $5.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტი კი $13.5 მილიონის ტოლი იყო. ექსპორტმა, შესაბამისად, წლიურად 7.4%-ით იმატა, როცა იმპორტი 4.8%-ითაა გაზრდილი. იმპორტის, ისევე, როგორც ექსპორტის ზრდა, უმეტესწილად მსუბუქ ავტომობილებს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები