საქართველოს $12.5 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთისა და რუსეთის შემდეგ მესამე სავაჭრო პარტნიორია. 7 თვის სტატისტიკის მიხედვით, საქართველო-ამერიკის სავაჭრო ბრუნვა წლიურად დაახლოებით 122 მლნ დოლარით შემცირდა და 1 მილიარდ 078 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში ამერიკაზე ამ პერიოდში 8.6%-იანი წილი მოდიოდა.
ვაჭრობაში კლება ძირითადად ავტომობილების იმპორტის შემცირებამ განაპირობა.
ქვეყნების ვაჭრობის სტატისტიკაში ექსპორტზე მცირე წილი მოდის, თუმცა იანვარ-ივლისის განმავლობაში საქართველომ 82.1%-ით მეტი ღირებულების საქონელი გაყიდა ამერიკაში და ჯამში 87 მილიონ 201 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში აშშ-ს 2.5%-იანი წილით მერვე ადგილი უკავია.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ამერიკაში ექსპორტირებული საქონლის ნახევარზე მეტი ფეროშენადნობებზე მოდის, რომლის გაყიდვაც წლის ამ პერიოდში 92%-ით გაიზარდა. აშშ-ში ექსპორტირებული უმსხვილესი საქონლის რეიტინგი კი ასეთია:
- ფეროშენადნობები - $59 მილიონი, 48 056 ტონა;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $4 მლნ, 710 ტონა;
- საფრენი აპარატების ნაწილები - $4 მლნ, 18 ტონა;
- შავი ლითონების მილები - $3.5 მლნ, 3 340 ტონა;
- წყალბადი, ინერტული აირები - $3.4 მლნ, 1 244 ტონა;
რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-ივლისში საქართველომ ამერიკიდან 991 მლნ 246 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტს 14%-ით ჩამორჩება. შესაბამისად, ამერიკას იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში 11%-იანი წილით მესამე ადგილი უკავია.
როგორც აღვნიშნეთ, იმპორტის შემცირება ძირითადად მსუბუქი ავტომობილების შემოყვანის შემცირებითაა განპირობებული, რომელიც თავის მხრივ ამერიკიდან უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფია. იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - $887 მლნ, 74 789 ტონა;
- თხილი და კაკალი - $13.7 მლნ, 2 395 ტონა;
- კოსმეტიკური საშუალებები - $4.3 მლნ, 62 ტონა;
- კვების პროდუქტები - $3.4 მლნ, 69 ტონა.
- მოტოციკლები და ველოსიპედები - $3.2 მლნ, 505 ცალი;