ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა პრემიერ-მინისტრი აკილბეკ ჯაფაროვი გადააყენა, რომელიც მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. როგორც ირკვევა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი საჯარო სამსახურში დარჩება, მაგრამ სხვა თანამდებობას დაიკავებს, რომლის შესახებ, ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი. აკილბეკ ჯაფაროვის შემცვლელად, ამ დროისთვის, პირველ ვიცე-პრემიერს, ადილბეკ კასიმალიევს ვხვდებით.
ყირგიზეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფოა, რომელმაც ეკონომიკურად მას შემდეგ იხეირა, რაც უკრაინაში ომის დაწყებამ რუსეთი დასავლური სახელმწიფოების მხრიდან ფაქტობრივად სრულ ფინანსურ ბლოკადაში მოაქცია. ყირგიზეთი, რომელიც მცირე ეკონომიკის მქონე განვითარებადი სახელმწიფოა, რუსულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ორბიტაზე ტრიალებს, ანუ დასავლური სანქციები, ამ ქვეყნის ხელისუფლებას, დიდად, არ აშინებს. შედეგად, სანქცირებული პროდუქციის ნაწილი რუსეთში, სავარაუდოდ, სწორედ ყირგიზეთის და ცენტრალური აზიის მსგავსი სახელმწიფოების გავლით შედის.
რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სასანქციო რეჟიმის შემოღების შემდეგ, ყირგიზეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა. 2024 წლის ათი თვის მონაცემებით, საქართველო - ყირგიზეთის სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა და შარშანდელთან შედარებით 85%-იან ზრდას წარმოადგენს. სავაჭრო ბრუნვის თითქმის 100% საქართველოდან ექსპორტზე მოდის, რაც მიგვანიშნებს, რომ ეს მაჩვენებელი, დიდწილად, ხელოვნურია და სრულადაა დამოკიდებული საქართველოდან ყირგიზეთში ავტომობილების რეექსპორტზე.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ყირგიზეთში $964 მილიონის ღირებულების 27,200 ავტომობილი გავყიდეთ, რაც შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით, თანხობრივად — 95%-ით, რაოდენობრივად კი — 105%-ით მეტია. თუმცა სექტემბრის მონაცემებით, ყირგიზეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მხოლოდ $47 მილიონის ღირებულების ავტომობილები აღირიცხა, რაც მიგვანიშნებს, რომ დანიშნულების ადგილას საქართველოდან ყირგიზეთის მიმართულებით გასული ავტომობილების მხოლოდ ძალიან მწირი ნაწილი ჩადის. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ავტომობილები, რომლებიც ყირგიზეთში რუსეთის გავლით მიდის, რუსეთშივე რჩება.
ავტომობილების, ისევე, როგორც სხვა სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტი შემოსავლის ის შესაძლო წყაროა, რომლითაც ბოლო წლებში, ყირგიზეთის ეკონომიკა ივსება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დათვლებით, ყირგიზეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წელს 6.5%-ით, $15.8 მილიარდამდე გაიზრდება. წინა წლებში დაფიქსირებულ შედეგებთან შედარებით, ყირგიზეთის ეკონომიკა ნორმალური ტემპით იზრდება, მაგრამ თავად ეს მაჩვენებელი, ყირგიზეთის მიერ გარეშე შოკებზე დიდი დამოკიდებულების გამო, საკმაოდ ხშირად მერყეობს.
ყირგიზეთი, რომლის ფართობი 199,900 კვადრატული კილომეტრია, საკმაოდ არამჭიდროდ არის დასახლებული, რადგან იქ მხოლოდ შვიდი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამასთან, ქვეყანა გეოგრაფიულადაც განუვითარებელია, ხოლო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ურბანულ ცენტრებში არის კონცენტრირებული. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით $2,230-ის ტოლია. ეს მაჩვენებელი, მართალია, ბოლო ხუთ წელიწადში, 51%-ითაა მომატელი, მაგრამ აბსოლუტურ რიცხვებში, ის კვლავაც საკმაოდ დაბალია.
პანდემიის შემდეგ, ყირგიზეთში ინფლაციამ 13.9%-მდე იმატა, მაგრამ ყირგიზეთის ცენტრალური ბანკის არაერთი ჩარევის შემდეგ, ეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრი დასტაბილურდა. დღეს, ყირგიზეთში საკმაოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მოქმედებს, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი 9%-ზე არის შენარჩუნებული. მაღალი რეფინანსირების განაკვეთი, როგორც ცნობილია, კაპიტალს აძვირებს, რაც ეკონომიკაში ეროვნული ვალუტის გავრცელებას ამცირებს. ფინანსური მარეგულირებლის ამგვარი ჩარევის შედეგად ინფლაციამ იკლო და 2024 წლის ბოლოსთვის 5.1%-ის შუალედში დასტაბილურდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ყირგიზეთში 9%-ის ტოლია. ბოლო წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი უცვლელია, ხოლო 2000-იანი წლების დასაწყისში ის ძირითადად 8.5%-ის ფარგლებში იყო. მიუხედავად ამისა, არაოფიციალური შეფასებით, ქვეყანაში დასაქმების ბაზარზე არსებული ვითარება უფრო მწვავეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, რაც, დიდწილად, ყირგიზეთიდან სამუშაო კადრების გადინებას უკავშირდება. ყირგიზების დიდი ნაწილი სამუშაოდ რუსეთის ფედერაციაში მიდის, შესაბამისად ეს ადამიანები ოფიციალურ სტატისტიკაში არ აღირიცხებიან.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, გასულ წელს, ყირგიზეთში სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები მოსახლეობის წილი 9.7%-მდე შემცირდა, რაც უმეტესწილად ინფლაციის შემცირებით და მაღალი ეკონომიკური ზრდით იყო განპიორბებული. ანალიტიკოსების ვარაუდით, მომდევნო წლებში სიღარიბიდან კიდევ უფრო მეტი ადამიანი ამოვა, რაც ქვეყანაში მოქმედი სოციალური პროგრამების გაძლიერებს და განვითრებას უკავშირდება.