საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას სტუმრობდა. სწორედ ამ ვიზიტისას ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ „მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს - ორივე ერი ატარებს მდიდარ ისტორიას და ღირებულებებს“.
შეხვედრის ფარგლებში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობისა და ჩინეთის მთავრობის ერთობლივი კომუნიკე, რომელიც ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილი მრავალმხრივია და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო განზომილებას მოიცავს. ამ ურთიერთობის ერთ-ერთი განზომილება, სადაც ვიცე-პრემიერი განვითარების დიდ პოტენციალს ხედავს სავაჭრო ურთიერთობებია. დავითაშვილი აღნიშნავს, რომ 2022 წლის მონაცემებით, ჩინეთი სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილს იკავებს, თუმცა ყველა პოტენციალი გააჩნია, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი პირველი სავაჭრო პარტნიორი იყოს, გაიზარდოს როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი და სავაჭრო ურთიერთობა წახალისდეს ორივე ქვეყნიდან. ვიცე-პრემიერი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააჩნია და ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს როგორც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.
მთავრობის წარმომადგენლების განცხადებების პარალელურად, მიმდინარე წლის პირველი ნახევარში, ჩინეთთან ვაჭრობა 14%-ით შემცირდა და ჩინეთმა 6 თვის მონაცემებით უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ბრუნვაში 7.7%-იანი წილით მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა და ეს ადგილი გაზრდილი იმპორტის ხარჯზე ამერიკამ დაიკავა. შესაბამისად, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა 794 მილიონ 849 ათასი დოლარი შეადგინა.
ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობებში ძირითადი წილი იმპორტს უკავია. იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველომ ჩინეთიდან 575 მლნ 063 ათასი დოლარის საქონელი იყიდა. ეს რიცხვი გასული წლის იმპორტზე 9.9%-ით მეტია. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებს შორის კი აღმოსავლელ პარტნიორს 8%-იანი წილით მეოთხე ადგილი უკავია.
ჩინეთიდან ამ პერიოდში შეძენილი უმსხვილესი სასაქონლო დასახელების რეიტინგი ასეთია:
1. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 43 მლნ დოლარი;
2. მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 22.1 მლნ დოლარი;
3. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 19.7 მლნ დოლარი;
4. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 14 მლნ დოლარი;
5. სატვირთო ავტომობილები - 10.6 მლნ დოლარი;
6. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 10.4 მლნ დოლარი;
7. აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისთვის - 10.2 მლნ დოლარი;
8. ნათურები და გამნათებელი მოწყობილობები - 10.1 მლნ დოლარი;
9. მსუბუქი ავტომობილები - 10 მლნ დოლარი;
10. პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით - 10 მლნ დოლარი.
BM.GE იმ კომპანიის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდა, რომელიც წლის პირველ ნახევარში ჩინეთიდან საქონლის იმპორტს ახორციელებდა. აღნიშნული ინფორმაცია საქსტატიდან გამოვითხოვეთ.
TOP-10 იმპორტიორი კომპანია: გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კო უცხოური საწარმოს ფილიალი; შპს ავტოტექნო; შპს აიტი-დისტრიბუშენი; შპს ალტა; შპს გლობალ დისტრიბუშენ; შპს გრიფონ ეარ კარგო; შპს ემტექნიკსი; შპს იუ-ჯი-თი; შპს ნოვა; შპს ომეგა.
რაც შეეხება ექსპორტს, ამ მხრივ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ჩინეთი არ გვხვდება. წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 45%-ით შემცირდა. შედეგად, ჩინეთში 2023 წლის იანვარ-ივნისში სულ 219 მლნ 785 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიტანეთ.
ჩინეთში გაყიდული უმსხვილესი საქონლის ათეული კი ასეთია:
1. მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 157 მლნ დოლარი;
2. მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 28.4 მლნ დოლარი;
3. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 15.2 მლნ დოლარი;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 6 მლნ დოლარი;
5. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 3 მლნ დოლარი;
6. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 2.1 მლნ დოლარი;
7. ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 1.7 მლნ დოლარი;
8. მსუბუქი ავტომობილები - 1.4 მლნ დოლარი;
9. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 526 ათასი დოლარი;
10. რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული - 524 ათასი დოლარი.
საქსტატიდან გამოთხოვილი TOP-10 ექსპორტიორი კომპანიის რეიტინგი კი, რომლებსაც ამ პერიოდში ჩინეთში საქონელი გაჰქონდათ, ასეთია: სს RMG Copper; სს კაიშენ თრეიდინგი; სს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიები; შპს Caucasian Metals Terminal; შპს ავტომენიუ; შპს ალტრეიდი; შპს გოლდ დაფნა; შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია; შპს ეჰე მედიკალი; შპს მეღვინეობა ხარება;
შენიშვნა: კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.