მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა 6 თვეა თავს ტოკიოში აფარებს - FT

63872e6680b0b
გიორგი თოლორდავა
30.11.22 15:33
5515
ჩინეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მეწარმე, ჯეკ მა უკვე თითქმის 6 თვეა, რაც თავს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში აფარებს. ინფორმაციას ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.

2020 წლიდან Alibaba-ს, Alipay-სა და Ant Group-ის დამფუძნებელი ჩინეთის კომუნისტური მთავრობის სამიზნედ და დე-ფაქტო პერსონა ნონ გრატად იქცა. მას შემდეგ ჯეკ მას კომპანიების წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესები დაიწყო და ახლა როგორც ირკვევა, თავად მილიარდერ მეწარმეს ქვეყნის დატოვებაც მოუწია.

FT-ის ინფორმაციით, ჯეკ მა ტოკიოში მის ახლო მეგობარ მასაიოში სონთან რჩება, რომელიც იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, SoftBank-ის დამფუძნებელია. უაღრესად გავლენიანი და მდიდარი საახლობლო წრის მიუხედავად, ჯეკ მა მაინც ერიდება საჯაროდ გამოჩენას და ყურადღების მიქცევას.

როგორც წყაროები იუწყებიან, ჩინეთის ისტორიაში ერთ დროს ყველაზე აქტიური ინოვატორი და მეწარმე ამჟამად თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შეგროვებითაა დაკავებული და თითქმის სრულადაა ჩამოშორებული თავისი კომპანიების მართვის საკითხს.

2020 წლის 24 ოქტომბერს შანხაიში, ბუნდის ეკონომიკურ სამიტზე, ჯეკ მა დამსწრე საზოგადოების წინაშე 20-წუთიანი საბედისწერო სიტყვით წარსდგა. დარბაზში შეკრებილთა შორის იყვნენ: კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნები, სამინისტროების წარმომადგენლები, მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელები, ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, გავლენიანი მეწარმეები და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები.

სამიტზე შეკრებილი ელიტის წინაშე მეამბოხე მეწარმემ საჯაროდ, მკაფიოდ და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის უკმაყოფილო იყო თავად უზენაესის – კომუნისტური მთავრობის საქმიანობით. 20 წუთის განმავლობაში ჯეკ მამ ქვეყანაში არსებული არაერთი პრობლემატური საკითხი დაასახელა და აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ორგანოები აწ უკვე მოძველებული მეთოდებით მუშაობდნენ, მათი საქმიანობა კი პირდაპირ ზღუდავდა ინოვაციასა და ბიზნესის განვითარებას.

ჯეკ მამ განაცხადა, რომ ბიზნესის მიმართ მთავრობის მიდგომა უნდა შეცვლილიყო, ბიუროკრატიის გავლენა კერძო სექტორზე უნდა შემცირებულიყო, კომპანიების განვითარების საკითხი კი თავისუფალი ბაზრის პრინციპით უნდა გადამწყდარიყო.

ბუნებრივია, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის კრიტიკა მთავრობის წარმომადგენლებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს, უფრო მეტიც, ჯეკ მას სიტყვით გამოსვლამ თავად ქვეყნის ლიდერი სი ძინპინიც განარისხა. ჩინეთის თანამედროვე ისტორია კი იმას ცხადყოფს, რომ ძინპინთან დაპირისპირება კარგად არავისთვის სრულდება.

ჯეკ მას სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე საათში Ant Group-ისა და Alibaba-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო; ორ დღეში შეიქმნა ახალი ანტიმონოპოლიური კანონპროექტი; ზუსტად ერთ კვირაში კი მარეგულირებელმა ორგანომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) დაბლოკა.

ჯერ კიდევ ბუნდის ეკონომიკურ სამიტამდე დაგეგმილი იყო, რომ 2020 წელს Ant Group-ის აქციები საფონდო ბირჟაზე უნდა განთავსებულიყო, IPO-ს წინასწარი შეფასება კი 37 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ჯეკ მას სიტყვით გამოსვლის გამო, მთავრობამ გარიგება ჩაშალა, Ant Group-ს კი საფონდო ბირჟაზე განთავსების უფლება არ მიეცა.

ძინპინის რისხვა მხოლოდ IPO-ს ჩაშლით არ შემოფარგლულა, რამდენიმე თვეში მარეგულირებელი კომისიის სამიზნე კომპანია Alibaba გახდა, რომელიც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო, 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს, რაც აგრეთვე რეკორდული მაჩვენებელია.

2021 წლისთვის ჯეკ მამ ოფიციალურად დაკარგა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი, ამჟამად კი ის Forbes-ის რეიტინგში $22-მილიარდიანი ქონებით მსოფლიოში 66-ე ადგილამდეა ჩამოქვეითებული.

საბედისწერო განცხადებიდან ორი წლის შემდეგაც კი, მთავრობის შურისძიება არ დასრულებულა – ამჟამად დღის წესრიგში ჯეკ მას სრული ჩამოქვეითება და მისი მილიარდერების რეიტინგიდან გაქრობაა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჯეკ მა Ant Group-ის 50.52%-იანი წილის დათმობას და სამმართველო პაკეტის სხვა აქციონერებისთვის გადაცემას განიხილავს, რაც საბოლოოდ შეამცირებს მის გავლენას ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ფინ-ტექ კომპანიაზე.

საგულისხმოა, რომ ჯეკ მამ უკვე დატოვა Ant Group-ის აღმასრულებლისა და საბჭოს წევრის თანამდებობები, ის აგრეთვე სრულადაა ჩამოშორებული Alibaba-ს მენეჯმენტს. 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ კი ის არცერთ საჯარო ინტერვიუში არ გამოჩენილა, უფრო მეტიც, რამდენიმე თვის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.