მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთთან ვაჭრობა უფრო კარგად მიდის, ვიდრე ევროკავშირთან - ექსპორტის განვითარების ასოციაცია

60082ab2dd8ab
ინგა მურუსიძე
20.01.21 22:00
1307
2020 წლის განმავლობაში საქართველოდან სულ $3.34 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. საქსტატის თანახმად, ეკონომიკური კრიზისის ფონზე ექსპორტმა $456 მილიონი დოლარით ანუ 12%-ით იკლო. წლიური ანგარიშის თანახმად, თითქმის განახევრებულია საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი, სადაც ვარდნა $329 მილიონ დოლარს აღწევს. ასევე, საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 10 უმსხვილესი დასახელების საქონლიდან 5-ის ექსპორტის მოცულობა შემცირებულია.

ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი, ანი კვარაცხელია სტატისტიკის მაჩვენებლებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტი პრობლემა აქვს გადამუშავებულ პროდუქციას, მათ შორის ღვინოს, რომელიც შედარებით ძვირიანი პროდუქტია და რომლის ყიდვისუნარიანობა მთელ მსოფლიოში დაეცა.

"ასევე ნაკლებია მოთხოვნა ძვირადღირებულ პროდუქტზე, ტანსაცმელზე, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, როგორი შემცირებულია ევროპის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან ტანსაცმლის იმპორტი. ზოგადად, ნაკლებად გადამუშავებული პროდუქცია გადის საქართველოდან და ექსპორტი იმდენად არ შემცირდა, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მომსახურების წილი ძალიან დიდია. საქართველოში იმდენად არ შეცვლილა ეს მონაცემები. სასმელების ნაწილში მსყიდველუნარიანობა შემცირებულია მთელ მსოფლიოში, რადგან არ არის ტურიზმი, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი არის შეჩერებული, ამიტომაც სასმელის კუთხით ყველაფერი შეიცვალა მსოფლიოში და ჩვენზეც აისახა ეს“, - ამბობს ანა კვარაცხელია.

მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ექსპორტის და ვაჭრობის კუთხით მოსალოდნელი იყო კლება საქართველოში, რადგან ასე ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ამერიკაში, კორეაში, იაპონიაში და ა.შ. „ჩვენც იმ მონაცემებში ვტრიალებთ, რომელშიც მთელი მსოფლიოა. 2020-ში არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია ეკონომიკური ზრდის მატება, არ გაზრდილა არც ექსპორტი და არც იმპორტი“ - ამბობს ანა კვარაცხელია.

რაც შეეხება მთავრობის მხრიდან ხელშეწყობას, ანა კვარაცხელია რამდენიმე პრობლემას ასახელებს და ფიქრობს, რომ მთავრობამ ყველა მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადადგას.

„რჩება პრობლემები, როგორიც არის მაგალითად ლოჯისტიკა და მისი ფასი. ლოჯისტიკის ხარჯები პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან შეზღუდვები ჰქონდა, ტრანსპორტირების კუთხით დრო გაიწელა, მძღოლების ინფიცირების მაჩვენებელი იყო მაღალი და ა.შ. საქართველო უკვე ვერ არის ისეთი კონკურენტუნარიანი, იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც უფრო ახლოს არიან განვითარებულ ქვეყნებთან, სადაც ლოჯისტიკა და ინფრასტრუქტურა უფრო განვითარებულია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ექსპორტის კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს და ეს არის ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკა - ბაზართან წვდომის სისწრაფე და სიიაფე. ეს პრობლემა ყოველთვის იყო და ახლა მეტად იჩინა თავი. მთავრობას შეუძლია, რომ კომპანიებს ხელი შეუწყოს რაც შეიძლება სწრაფად გადავიდნენ დიჯიტალიზაციაზე და იკომერსის ნაწილში მსოფლიოს ავყვეთ. მარკეტინგის და კომუნიკაციების კუთხითაც ერთეული კომპანიები ვერაფერს იზამენ, თუ მთავრობამ არ ატარა ღონისძიებები და ამაში არ დაიხარჯა განსაკუთრებული თანხა, როგორც ამას სხვა დიდი ქვეყნები აკეთებენ. ეს ყველაფერი მთავრობის პრეროგატივაა, მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა“, - აღნიშნავს ანა კვარაცხელია.

მისი განმარტებით, საბოლოო ჯამში კომპანიები თავად ეკონტაქტებიან პარტნიორებს და აქ მთავრობას გაუჭირდება რაიმე ნაბიჯის გადადგმა, თუმცა ალბათ მეტი პლატფორმა უნდა შეიქმნას, რათა კომპანიებს შორის მეტი კონტაქტი შედგეს, თუნდაც ონლაინ.

კვარაცხელიამ ასევე ისაუბრა იმაზეც თუ რამდენად იყენებს საქართველო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პრეფერენციებს და მაგალითად ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ევროკავშირთან DCFTA მოიყვანა. მისი თქმით, მაშინ როდესაც ევროკავშირთან DCFTA-ს მოეწერა ხელი, პროგნოზები გაცილებით უკეთესი იყო.

„ვფიქრობდით, ექსპორტი უფრო სწრაფად გაიზრდებოდა და მეტი სერტიფიცირებული ქართული პროდუქცია შევიდოდა ევროკავშირში. ჩინეთს რაც შეეხება, მონაცემები აქ უფრო სწრაფად იზრდება. შეიძლება ეს მხოლოდ ხელშეკრულების გამო არ იყოს და პანდემიამაც გამოიწვია, მაგრამ ვხედავთ, რომ ჩინეთში ვაჭრობა საკმაოდ კარგად მიდის, ვიდრე ევროკავშირთან. ვადების კუთხით ჩინეთი გაცილებით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ევროკავშირი, მაგრამ აქ არის მეორე თემა, ევროკავშირში ექსპორტი ნიშნავს მეტად მაღალი ხარისხის წარმოებას, მდგრადობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ევროკავშირის ნაწილი ხარისხის და მდგრადობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე ევროკავშირში ექსპორტის კუთხით ნაკლები ძალისხმევა არ უნდა დავხარჯოთ“, - ამბობს კვარაცხელია.

მოლოდინებზე საუბრისას ის ამბობს, რომ ვაჭრობის კუთხით მოლოდინები პოზიტიურია.

„ვფიქრობ, რომ 2021 წელს არ იქნება მატება 2019-თან მიმართებაში, მაგრამ 2020-თან მიმართებაში მატება ნამდვილად იქნება. ჩემი ვარაუდით, მეორე კვარტალში სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდება, როცა ვაქცინაციის პროცესი მთელ მსოფლიოში წავა. ეს მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული“, -აღნიშნა მან.