მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექვს თვეში აშშ-მა საექსპორტო ქვეყნების სამეულში ჩინეთის ადგილი დაიკავა - რით ვვაჭრობთ ამერიკასთან?

64b7f1de99c11
ვიქტორია მღებრიშვილი
19.07.23 18:59
979
საქართველოს $10 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნების სამეული წლის პირველ ნახევარში შეიცვალა. წლების განმავლობაში თუ TOP-3 ქვეყანას თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი ადგენდნენ, 2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით ჩინეთის მესამე ადგილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაანაცვლა.

რთული სათქმელია რამდენად შეინარჩუნებს დასავლელი პარტნიორი დაკავებულ პოზიციას, თუმცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რომელიც საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა ამერიკასთან ვაჭრობამ აღმოსავლელ პარტნიორ ჩინეთთან ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელს (794 მილიონ 849 ათასი დოლარი) გადააჭარბა.

საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემებით საქართველო - აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვა 38.6%-ით 820 მლნ 906 ათას დოლარამდე გაიზარდა. დასავლელ პარტნიორთან ვაჭრობის ისტორიაში ეს რეკორდული მაჩვენებელია. შედეგად, სავაჭრო ბრუნვაში ამერიკამ 8%-იანი წილი და მესამე ადგილი დაიკავა.

აშშ-სთან ვაჭრობაში ძირითადი წილი იმპორტზე მოდის. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში დასავლელი პარტნიორი ქვეყნიდან საქართველოში 775 მილიონ 194 ათასი დოლარის ღირებულების საქონლის იმპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 73.8%-ით აღემატება. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში კი აშშ-მა 10.7%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა.

ამერიკიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეულის სათავეში მსუბუქი ავტომობილებია. ამ დასახელების საქონლის შემოტანის მაჩვენებელი წლის პირველ ნახევარში წლიურად 80%-ით გაიზარდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმპორტის ზრდაც სწორედ ავტომობილების იმპორტის ამგვარი ზრდით არის განპირობებული. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვა უმსხვილესი საქონლის იმპორტიც გაიზარდა.

იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული:

1. მსუბუქი ავტომობილები - 719.4 მლნ დოლარი;
2. მეორადი ტანსაცმელი და ნაწარმი - 4.3 მლნ დოლარი;
3. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 3.6 მლნ დოლარი;
4. თხილი და სხვა კაკალი - 2.4 მლნ დოლარი;
5. პოლიმერები ვინილქლორიდისა ან სხვა ჰალოგინირებული ოლეფინებისა - 2 მლნ დოლარი.

ამერიკის შეერთებული შტატები საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეულში არ გვხვდება, რადგან საქართველოდან ამერიკის მიმართულებით საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი მცირეა. 2023 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, აშშ-ში საქონლის რეალიზებით საქართველომ სულ 45 მილიონ 712 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. გასული წლის 6 თვეში აშშ-ში დაფიქსირებული ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ, ამ მიმართულებით ექსპორტის რეალიზება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 68.7%-ით შემცირდა. სტრატეგიულ პარტნიორთან მთავარი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რომელის რეალიზება წელს 76.5%-ით შემცირდა.

ექსპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასეთია:

1. ფეროშენადნობები - 30.7 მლნ დოლარი;
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2.6 მლნ დოლარი;
3. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 1.7 მლნ დოლარი;
4. სპირტიანი სასმელები - 1.2 მლნ დოლარი;
5. ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 988 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ჩინეთს, რომელიც წლების განმავლობაში, გარდა 2019 წლისა, TOP-3 სავაჭრო ქვეყანაში შედიოდა, აღმოსავლელმა უმსხვილესმა პარტნიორმა სავაჭრო ბრუნვაში 7.7%-იანი წილით და 798 მილიონ 849 ათასი დოლარის ექსპორტ-იმპორტით მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. კლება 13.8%-ია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები