მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი 300 კილოვატიანი ელექტროსადგური 7 მეიჯარეზე ნაწილდება – „გროსვატი“

6424410245fd1
სალომე ხიდურელი
29.03.23 18:20
1784
კომპანია „გროსვატი“, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა, მზის პანელებზე მომუშავე ელექტროსადგურებს კომპანიებსა და კერძო პირებზე იჯარით გასცემს. როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი ირაკლი ნიორაძე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნავს, სადგურების იჯარით გაცემის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2020 წლის ივლისში ნეტო აღრიცხვას ახალი მიმართულება - ვირტუალური ნეტო აღრიცხვა დაემატა.

„2018 წელს აქტიურად დავიწყეთ საკითხის შესწავლა, თუმცა მყისვე ჩვენი სერვისის შეთავაზება არ დაგვიწყია. გადავწყვიტეთ, ჯერ პატარა ტესტივით ჩაგვეტარებინა და ჩვენივე საწარმოს თავზე 25 კილოვატიანი სადგური გავმართეთ, რომლის ეფექტურობასა და სპეციფიკას ვაკვირდებოდით, ეს ხდებოდა სხვა ბრენდის ქვეშ. 2018 წლის ბოლოს დავრწმუნდით, რომ ეს სადგური ის იყო, რასაც ველოდით, დავაფუძნეთ კომპანია „გროსვატი“ და გადავწყვიტეთ, სხვა ბიზნესებისთვის ანალოგიური სადგურის გამართვა შეგვეთავაზებინა. თუმცა პანდემიამ მოგვისწრო და ჩვენი შეთავაზება კომპანიებისთვის არარელევანტური გახდა.

2020 წლის ივლისში ვირტუალური ნეტო აღრიცხვის სისტემა გაჩნდა, რაც გულისხმობდა, რომ ჩვენ შეგვეძლო გამოგვემუშავებინა ელექტროენერგია ერთ ადგილას და გადაგვეწოდებინა ის სხვაგან, სხვა ქალაქშიც კი. გადავწყვიტეთ, ჩვენი საკუთარი სადგური გაგვეკეთებინა, რომელიც ამ მოდელით იმუშავებდა“, - ამბობს ირაკლი ნიორაძე.

როგორც „გროსვატის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, კომპანიამ 2021 წელს პირადი ინვესტიციით შეიძინა მიწა უჯარმაში, სადაც პირველი 100 კილოვატიანი სადგური განათავსეს. წლის ბოლომდე ჯამში 200 კილოვატიანი სადგური დაამატეს და მათი ამ დროისთვის 300 კილოვატიანი სადგური 7 მოიჯარეზე ნაწილდება, რომლებიც აღნიშნულ ენერგიას სრულად ითვისებენ.

ირაკლი ნიორაძის თქმით, „გროსვატს“ განვითარებაში ორი ფაქტორი უშლის ხელს.

„ჩვენი მოდელი ისეა აწყობილი, რომ ბიზნესი თავის თავს უზრუნველყოფს და საკრედიტო მოთხოვნებს ფარავს. აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ უკვე არა 300 კილოვატი გვქონდეს, არამედ მეგავატებზეც ავიდეთ. ამის შემაფერხებელი ორი გარემოებაა.

პირველი ისაა, რომ ბანკები ჯერჯერობით არ აღიარებენ სადგურს, როგორც ფინანსურ უზრუნველყოფას. არგუმენტი ისაა, რომ სადგურები მოძრავ ქონებად ითვლება. მეორე ფაქტორი ისაა, რომ უჯარმაში ბევრი სახელმწიფო მიწაა. ჩვენ გვქონდა მოთხოვნა, მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით შეგვეძინა, თუმცა, როგორც ამბობენ, 2024 წლამდე მიწის ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს და ჩვენთვის ეს პროცესი შეჩერებულია“, - ამბობს ის.

როგორც ირაკლი ნიორაძე აცხადებს, „გროსვატი“ კომპანიებს ელექტროენერგიაზე შეღავათიან ტარიფს სთავაზობს.

„სადგურის საიჯარო თანხა ითვლება სარგებლიდან, რომელსაც კომპანია ელექტროენერგიის სახით იღებს, რა თქმა უნდა, შეღავათიანი ტარიფით. დაახლოებით 7-8%-იანი ბენეფიტია ტარიფებზე მათთვის.

ვირტუალური ნეტო აღრიცხვა საშუალებას იძლევა, რომ ამ სიკეთის გავრცელება უფრო ფართო მასშტაბებზე მოხდეს. ჯერჯერობით კომუნალური სადგურები არ გვაქვს, თუმცა საქართველოს მომავალი, ალბათ, ეს არის. მალე არა მარტო კომპანიებს, არამედ ფიზიკურ პირებსაც შეეძლებათ გახდნენ არა მხოლოდ სადგურის მეიჯარეები, არამედ მესაკუთრეებიც“, - ამბობს ირაკლი ნამორაძე.

შეგახსენებთ, რომ ნეტო აღრიცხვა არის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესი, რა დროსაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთს ქვითავს.