მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი პროგნოზით გამარტივებული შესყიდვები 10%-ზე ჩამოვა - შესყიდვების სააგენტო

6333f2de66e66
BM.GE
28.09.22 23:55
621
პარლამენტი შესყიდვების შესახებ ახალ კანონპროექტს განიხილავს, რომლითაც მთელი რიგი ცვლილებები იმ პროცედურებში შედის, რომლითაც სახელმწიფო ორგანიზაციები სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებას ყიდულობენ.

ცვლილებები გამარტივებული შესყიდვების წესებსაც ეხება, მას სახელი ეცვლება და “წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა” ეწოდება. ასევე ცვლილებები შესყიდვების გამოცხადების არგუმენტირების წესებშიც შედის. ძირითადი წინაპირობა, რომლითაც ასეთი შესყიდვები უნდა ჩატარდეს, არის “გადაუდებელი აუცილებლობა”, რაც ამჟამად არსებულ წესთან შედარებით უფრო ვიწროა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფროსის ლევან რაზმაძის განცხადებით, ამ ცვლილებებით, გამარტივებული შესყიდვების რაოდენობა, რაც ამჟამად მთლიანი შესყიდვების რაოდენობის 17%-ია, 10%-მდე შემცირდება.

“კანონით გამარტივებული შესყიდვების გამოცხადების შესაძლებლობა იქნება თუმცა გადაუდებელი აუცილებლობა უნდა არსებობდეს. ამ ტიპის შესყიდვა ყველა ქვეყანას აქვს, რადგანაც გადაუდებელი აუცილებლობა კატასტროფებს და გაუთვალისწინებელ შემთხვევებს გულისხმობს. 2011 და 2012 წლების სტატისტიკით, 51% გახლდათ გამარტივებული შესყიდვები. 2015 წელს დავიწყეთ ეს რეფორმა და როდესაც გამარტივებული შესყიდვების ნებართვები სააგენტოზე გადმოვიდა, პირველი ეტაპი წარმატებით განვახორციელეთ. გამარტივებული შესყიდვების ოდენობა 17%-ზე ჩამოვიდა.

თუ ახალი კანონით ვიმსჯელებთ, ახალი კანონპროექტით საერთოდ ამოღებულია დ ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებული იყო გამარტივებული შესყიდვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებისთვის, რაც კანონის მიღებიდან ერთ წელში უკვე აღარ იმოქმედებს. ასევე აღარ იარსებებს სპეციალური წესები. პროგნოზი, რომ გავაკეთოთ, გამარტივებული შესყიდვები 10%-ზე ჩამოვა,”- განაცხადა BMG-სთან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფროსმა ლევან რაზმაძემ.

ინფორმაციისთვის: გამარტივებული შესყიდვებით მთავრობა, როგორც საჩქარო, ასევე მიმდინარე პროექტებს ახორციელებს. მაგალითად, თბილისობის ან ახალი წლების კონცერტების ორგანიზება, სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის ახალი სტადიონების და ინფრასტრუქტურის მშენებლობა (ევრობასკეტის სტადიონი, 2023-ის სათხილამურო ჩემპიონატის სამზადისი) და ამ მიმართულებით უტენდეროდ ასობით მილიონს ხარჯავს. უტენდეროდ გაწეული ხარჯები ყოველთვის ექცეოდა აუდიტის სამსახურის და NGO-ების ყურადღების ცენტრში, რადგანაც ის გაუმჭვირვალედ ხარჯვის და პირობების მორგების მომეტებულ რისკებს შეიცავს.