მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

City Health: ჯანსაღი მომავლის შექმნა მხოლოდ ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი

64550cb4e7c3b
BM.GE
05.05.23 18:02
544
საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, დღეს სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს, შეიმუშაოს ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც უკეთესი, უფრო ჯანსაღი მომავლის შექმნას შეუწყობს ხელს.

სწორედ ამ მიზნით, იმართება საერთაშორისო კონფერენციები, რომელთა მიზანს არაგადამდებ დაავადებებთან გამკლავებისთვის ეფექტური გზების ძიება წარმოადგენს.

წელს, ქალაქსა და ურბანულ გარემოში ცხოვრების შედეგად ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შეფასებისა და პრევენციისთვის "Cilty Health-ის" მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენცია ყირგიზეთში გაიმართა, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამთავრობო სააგენტოები, მედია და სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ექსპერტები ესწრებოდნენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეჯეთიდან, საქართველოდან და სხვა.

კონფერენციის მიზანს ქალაქებსა და ურბანულ გარემოში ჯანსაღი გარემოს შექმნისათვის საჭირო ინიციატივების შემუშავება წარმოადგენდა. შესაბამისად, კონფერენციის მონაწილეები ისეთ გამოწვევებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, როგორებიცაა: ჯანსაღი კვება, მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, მოწევა, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება, სინთეტიკურ ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება, ჰაერის დაბინძურების ხარისხი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდა და არალეგალური ვაჭრობა.

კონფერენციის მონაწილეების განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი პრობლემების განხილვა განცალკევებულად შეუძლებელია. საჭიროა ერთობლივი მიდგომების გამოყენება, რომელიც შესაძლებელს გახდის ტრადიციულ და მოდერნულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემებთან გამკლავებას. ეს კი მთავრობების, ბიზნესების, მედიისა და საზოგადოებრივი ასოციაციების მხრიდან ერთიან ძალისხმევას მოითხოვს.

ექსპერტების მოსაზრებით, არაგადამდებ დაავადებებთან გამკლავების პროცესში აუცილებელია ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაცია, რაც არაჯანსაღი ცხოვრების წესის მიერ გამოწვეული ზიანის შემცირებას შეუწყობს ხელს.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ზიანის შემცირების ელემენტი არ არის სათანადოდ დაფასებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევებთან გამკლავების მიზნით შემუშავებულ სტრატეგიებში, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს მათი ეფექტურობის შესახებ.

ექსპერტები მთავრობებს მოუწოდებენ, გამოიყენონ ზიანის შემცირების სტრატეგია როგორც ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლის, ასევე ალკოჰოლის მოხმარებასთან, არაჯანსაღ კვებასთან და მოწევასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესშიც.

კონფერენციის მონაწილეების განცხადებით, უკეთესი, უფრო ჯანსაღი მომავლის შექმნის პროცესში აუცილებელია პროდუქტებისადმი დიფერენცირებული მიდგომის იმპლემენტაცია, რაც ნიშნავს იმას, შემცირებული ზიანის მქონე პროდუქტებზე დაწესებული რეგულაციები უნდა განსხვავდებოდეს ზიანის მომტან პროდუქტებზე დაწესებული რეგულაციებისგან, რაც ხელს შეუწყობს ზიანის შემცირებისთვის შექმნილ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას.

ამ პროცესში კი მთავრობების ჩართულობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. ექსპერტების მოსაზრებით, მთავრობებმა უნდა მოახდინონ "ზიანის შემცირების კონცეფციის" ადგილობრივ საკანონმდებლო ინიციატივებში იმპლემენტაცია, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევებთან გამკლავებას.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, უფრო ჯანსაღი და უკეთესო მომავლის განხორციელების პროცესში ზიანის შემცირების სტრატეგია გადამწყვეტ როლს თამაშობს. თუმცა, მისი მიღწევა მხოლოდ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციით, ერთობლივი ძალისხმევითა და დიალოგით არის შესაძლებელი.

„ჩვენი პანელური სესიის თემა იყო „კოლაბორაცია, პირველადი დახმარება და მოწყვლადი მოსახლეობა“. განვიხილეთ სხვადასხვა წარმატებული პროექტის მაგალითი სამ ქვეყანაში. გამომსვლელებმა ისაუბრეს მედიის როლის გაფართოებაზე პირველად ჯანდაცვაში, დაავადებების პრევენციის მნიშვნელობაზე და არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების როლზე მოწყვლად ჯგუფებთან კომუნიკაციაში და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. პირადად ჩემი, ისევე როგორც ღონისძიების მონაწილე ყველა სპიკერისა და მოდერატორის ძირითადი მესიჯი იყო თანამშრომლობისა და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგის გაძლიერება სამედიცინო, სამოქალაქო და მარეგულირებელ ინსტიტუციებს შორის ზიანის შემცირების კუთხით, ამავდროულად ეფექტური კომუნიკაციის დამყარება საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებთან.“- აღნიშნავს შორენა ჭოხონელიძე, სოციალური კვლევების აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც 27-28 აპრილს ქ. ბიშკეკში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი მოდერატორია.