ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდები ყირგიზეთში წარმომადგენლობას დახურავს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზი ყირგიზეთში მიღებული "უცხოური გავლენის აგენტების" ახალი კანონია, რომელიც საერთაშორისო დაფინანსების მქონე ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს.
ღია საზოგადოებამ ყირგიზეთში სოროსის ფონდი 1993 წელს შექმნა და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 115 მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება ჩადო პროექტების ფართო სპექტრში, რომლებზეც მთავრობასთან თუ სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ერთად მუშაობდა. ეს მოიცავდა ინიციატივების მხარდაჭერას განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებში, განვითარებადი ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სამართლისა და იურიდიული დახმარების სისტემების რეფორმირებაზე მუშაობას. ორგანიზაციის განცხადებით, „სამწუხაროდ, ახალი კანონი ნიშნავს, რომ ამ ძალისხმევას, რომლის მიზანიც ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა იყო, უსამართლოდ მიენიჭება იარლიყი, როგორც „უცხოეთის წარმომადგენელთა“ მუშაობა“.
აღნიშნულ სიახლეს სოციალურს ქსელში პოსტით გამოეხმაურა ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, იურისტი ლევან ნატროშვილი. მისი შეფასებით, საქართველოში ე.წ. რუსული კანონის მიღება იმავე შედეგს მოიტანს, რაც უკვე სახეზეა ყირგიზეთში.
„ყირგიზეთში სულ ახლახან მიღებული ე.წ. "რუსული კანონის" პირველი შედეგი: ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი ორგანიზაცია "ღია საზოგადოების ფონდი" ხურავს საკუთარ ოფისს.
საქართველოში ამ კანონის მიღებაც ზუსტად იმავე შედეგს მოიტანს, უამრავი კარგი შესაძლებლობა გაქრება სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის და ზოგადად ყველასთვის, ვისაც სურს ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან სხვადასხვა სიკეთის მიღება“,- წერს ლევან ნატროშვილი.