მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: იაპონიის სოფლებში მიტოვებული სახლები ძალიან იაფად იყიდება

61e15c52c1b32
მარიამ ადამია
14.01.22 22:00
1511

იაპონიაში, დაუსახლებელი სოფლების რაოდენობა იზრდება, სადაც მხოლოდ რამდენიმე სახლი დგას გზის პირას ან ბორცვზე, თუმცა მათ ფუნქცია დაკარგული აქვთ და სრულად დაცლილია მოსახლეობისგან, თუ არ ჩავთვლით ტურისტებს, რომლებიც ძალიან იშვიათად, თუმცა მაინც სტუმრობენ. სწორედ მსგავსი ადგილების გამოცოცხლება და დასახლება დაისახა მიზნად ადგილობრივმა ხელისუფლებამ. შედეგად აქ სახლის, ან მიწის ყიდვა და საინტერესო პროექტის გაკეთება სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ. იაპონელებს იმედი აქვთ, რომ ტურისტული ზონის შექმნაში უცხოელებიც მიიღებენ მონაწილეობას.

CNN-ის ინფორმაციით, მსგავს სოფლებში ცარიელი სახლების უმეტესობა, ძალიან იაფად იყიდება და ზოგჯერ უფასოდაც კი შეიძლება მათი პოვნა. ცხადია, უძრავი ქონების აგენტების დახმარებით, იურიდიულად და სამართლებრივი გზით. 

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში დაცარიელებული სოფლების სიუხვე, სოფლად დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობამ გამოიწვია. 2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყანაში 8,76 მილიონი დაუსახლებელი საცხოვრებელია და მათი რიცხვი მზარდია. საერთო ჯამში, ქვეყანაში მდებარე 62,42 მილიონი საცხოვრებელი ნაგებობის 13,6% ცარიელია. 

თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ნელ-ნელა ჩნდება სურვილი რომ ქალაქიდან უქმეებზე მაინც გავიდნენ ბუნებაში, მთაში, რამდენიმე დღით მაინც, ამიტომაც ყიდულობენ დაუსახლებელ ტერიტორიებს. მათ შორის არიან ბრიტანელებიც, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ იაპონიაში. აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ იაპონიაში სესხის აღება განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცედურაა. 

ინფორმაციისთვის, სოფლებში მიტოვებული სახლები გაყიდვის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ინიციატივა გასული წლის ზაფხულში დააანონსა, რომლის მიხედვითაც, სახლებზე ფასი 500 აშშ დოლარს ან ნაკლებს შეადგენს. ხელისუფლების ეს ნაბიჯი სახელმწიფოში ეკონომიკის, ტურიზმისა და ბიზნესის სექტორის განვითარებას ემსახურება და იმის გარდა, რომ ამგვარი საცხოვრებელი ფართები საკმაოდ იაფია, მათ ახალ მფლობელებს ქვეყნის მთავრობა გარკვეულ შეღავათებსაც სთავაზობს. მაგალითად, სახლის შეკეთებაში ფინანსურ დახმარებას, საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულების ნაწილის დაფარვას და სხვა სახის სუბსიდიას.