26.ივლისი .2021 16:45

Covid-19 და გამარტივებული შესყიდვები - IDFI-ს ახალი კვლევა

Covid-19 და გამარტივებული შესყიდვები - IDFI-ს ახალი კვლევა
views 253
უკან

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) Covid-19-თან დაკავშირებული შესყიდვების შესახებ 4 კვლევა გამოაქვეყნა. ერთ-ერთი ბოლო კი დღეს გამოქვეყნდა და Covid-19-თან დაკავშირებულ გამარტივებულ შესყიდვებს ეხება.

კვლევებმა 2020 წლის სხვადასხვა პერიოდი მოიცვა, გამოკვეთა როგორც სისტემური, ასევე ლოკალური პრობლემები შესყიდვების დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგის პროცესისა და კორუფციული რისკების მიმართულებით. ამ ეტაპზე კი IDFI-იმ გაანალიზა Covid-19-თან დაკავშირებული 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები.

„პანდემიასთან დაკავშირებული პროდუქტებისა თუ მომსახურების შესყიდვას სახელმწიფო სტრუქტურები საგანგებო მდგომარეობის განმავლობაშიც და მას შემდეგაც, ძირითადად გამარტივებული შესყიდვის გამოყენებით ახორციელებდნენ. ამის საფუძველი შესყიდვის ობიექტების შემჭიდროვებულ ვადებში მიღება იყო, რათა საფრთხე არ შექმნოდა მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, და მომხდარიყო ვირუსის გავრცელების დროული პრევენცია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა, ვერ მოახერხდა აღნიშნული შესყიდვების დაგეგმვისა და უმეტესწილად ელექტრონულ ტენდერებზე გადაყვანის უზრუნველყოფა. ისეთი პროდუქტებისა და მომსახურებების შესყიდვები, რომლებიც კონსოლიდირებულ ტენდერებზე გადავიდა, უმეტესად მაინც გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით ხორციელდება. ამის მიზეზი ძირითადად კონსოლიდირებული ტენდერის დროულად ვერ გამოცხადება ან საერთოდ გამოუცხადებლობაა, ზოგ შემთხვევაში კი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის უარი შესაბამისი საქონლისა თუ მომსახურების მიწოდებაზე. ხშირია მსგავსი შემთხვევები ელექტრონული ტენდერების შემთხვევაშიც. აღნიშნული გარემოება მკაფიოდ მიუთითებს, რომ ვერ ხდება როგორც კონსოლიდირებული, ისე ელექტრონული ტენდერების სწორად დაგეგმვა და განხორციელება, რაც შემდგომ იწვევს გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის გამოყენების აუცილებლობას“, - ნათქვამია კვლევაში.

ირკვევა, რომ კვლევის პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებულმა ხარჯებმა 77 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. აქედან უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის სფეროს მომსახურებაზე მოდის, რომელშიც როგორ კლინიკებში საწოლების მობილიზება, ისე სამედიცინო პერსონალის დაქირავება შედის.

კერძოდ, 48,072,199 ლარი ჯანდაცვის სფეროს მომსახურეობებზე დაიხარჯა, 14,900,850 ლარი - სასტუმროს მომსახურეობაზე, 6,559,465 ლარი - საავტომობილო ტრანსპორტზე, 3,148,710.11 - ფარმაცევტულ პროდუქტებზე, 2,667,368.81 - სამედიცინო მოწყობილებებზე, 406,531.65 ლარი - ელექტროძრავებსა და გენერატორებზე, 359,769.30 ლარი - სხვადასხვა მომსახურეობაზე, 330,116.82 ლარი - დასუფთავებაზე, 261,023.45 ლარი - აირებზე, ხოლო 160,861.95 ლარი - ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებულ მომსახურეობებზე.

კლინიკებში საწოლების მობილიზებასთან დაკავშირებული შესყიდვების უდიდესი ნაწილი მოდის სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოზე. 2021 წლის იანვრის დასაწყისში, სააგენტომ მოითხოვა 147,706,524 ლარის პირდაპირი შესყიდვის გზით განკარგვა ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით. ოგორც IDFI-ს მიერ მოთხოვნის ჩაშლილი დოკუმენტებიდან ირკვევა, ხსენებული 148 მილიონამდე ლარიდან 100 მლნ სწორედ კოვიდის მართვისათვისაა განკუთვნილი. კერძოდ კი, სააგენტოს უნდა განეხორციელებინა კოვიდკლინიკების მომსახურების შესყიდვები 2021 წლის იანვრიდან, არაუმეტეს 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. ხელშეკრულებების ანალიზით დადგინდა, რომ კოვიდის მიმართულებით კლინიკების მობილიზებაში სააგენტომ 48 მილიონ ლარამდე დახარჯა.

კლინიკების ჩამონათვალი, რომელთაც სააგენტომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა, ასე გამოიყურება: შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, სს სამედიცინო კორპორაცია ევექსი, შპს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფო, შპს ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური საავადმყოფო და ა.შ.

IDFI-ს კვლევაში წერია, რომ ტრანსპორტირების მომსახურებაში ჯამურად დახარჯული 6.4 მლნ ლარიდან ყველაზე დიდი წილი კოვიდსასტუმროებში და უკან ტრანსპორტირებას მოხმარდა და მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სერვისი ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შპს "ჯორჯიან ბასისგან" შეისყიდა.

„სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შესყიდვების მაგალითზე, ნათლად ჩანს კოვიდთან დაკავშირებული შესყიდვების მონიტორინგის სირთულე. სააგენტო ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულებას მართავს და სისტემაში განთავსებული გამარტივებული შესყიდვების მოთხოვნა ეხება ყველა კომპონენტს. ხელშეკრულებების მოდულში შეუძლებელია იდენტიფიცირება, თუ რომელი კომპონენტის ფარგლებშია შესყიდვა განხორციელებული. ამის დადგენა მხოლოდ თითოეული ხელშეკრულების ტექსტის გაცნობით არის შესაძლებელი.

კორონავირუსის მართვაში ჩართული რამდენიმე სახელმწიფო კლინიკის მიერ განხორციელებულ გამარტივებულ შესყიდვებში აღმოჩენილი საეჭვო გარემოებები კითხვის ნიშნებს აჩენს ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში პირადი თუ სამსახურებრივი კავშირების გამოყენების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კლინიკები უმეტესად საკუთარი შემოსავლით ფუნქციონირებენ, მნიშვნელოვანია მათი მხრიდან სახელმწიფო შესყიდვებში კეთილსინდისიერებისა და კონკურენციის პრინციპების დაცვა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის მართვაში ჩართული სახელმწიფო კლინიკები ბიუჯეტიდან ფინანსდებიან“, - ასკვნის IDFI.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა