მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-19-ის ვაქცინის გამოყენებით დამდგარ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელი სახელმწიფო იქნება

5ffd569e52fb0
სალომე მეცხვარიშვილი
12.01.21 12:00
3497
Covid-19-ის ვაქცინის გამოყენებით დამდგარ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელი სახელმწიფო იქნება - შესაბამის ცვლილებებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი საკნონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომლის ავტორებიც დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი და დავით სერგეენკო არიან.

კანონპროექტის მიხედვით, აცრების შემდეგომი/გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებასა და რეაბილიტაციას. 

შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების შედეგად, შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება: იმპორტიორს, სამედიცინო პერსონალს ან სამედიცინო დაწესებულებას, თუ ზიანი გამოწვეულია, შესაბამისად, იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით ან სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისთვის მსოფლიოში ავტორიზებული ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები ითხოვენ, ქვეყნების მხრიდან მაქსიმალურად იქნეს დაცული ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები და სახელმწიფოს აღნიშნული რისკების გაზიარების მექანიზმების შექმნას სთხოვენ.

აქვე საუბარია, რომ ცვლილებების მიღება ხელს შეუწყობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გადანაწილებას.

"განახლებული საკანონმდებლო ნორმები სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, ეპიდემიის და პანდემიის პირობებში შესაბამისად იმოქმედოს. ამავდროულად, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ვაქცინით მოსარგებლე პირთა უფლებების უკეთ რეალიზაციას, რამდენადაც კანონპროექტი კონკრეტულად საზღვრავს ფარმაცევტული პროდუქტის (ვაქცინა ან მედიკამენტი) გამოყენებით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელ მხარეებს”, - ნათქვამია განმარტებით ბარათში და აქვე საერთაშორისო პრაქტიკაზეც არის საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილება, მიიღო ავსტრალიამ, ევროკავშირმა გარკვეული დათქმებით, გაერთიანებულმა სამეფომ და ა.შ.