დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგოდ იმ ვაქცინას გამოიყენებს, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე NCDC-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყანა Covax პლატფორმასთან თანამშრომლობით, მოსახლოების 20%-ისთვის ვაქცინას 17 მლნ დოლარად შეიძენს.
„ჩვენ გაერთიანებული ვართ ე.წ. Covax პლატფორმაში, რომელიც „გავი ალიანსის“ ბაზაზე მუშაობს (ვაქცინების გლობალური ალიანსი). ის შეისყიდის ამერიკის და ევროპის წამლის სააგენტოების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების მიერ დამტკიცებულ ვაქცინებს - ეს იქნება ოქსფორდის, „ფაიზერის“ ან "მოდერნას" ვაქცინა.
შეკვეთილი და გადარიცხული გვაქვს უკვე თანხა მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის, ეს არის, დაახლოებით, 700 000 ადამიანი. ყველა ეს ვაქცინა 2-3 კვირის შუალედით ორჯერადად კეთდება, ამიტომ საჭიროა, 1.4 მლნ დოზა. ეს ჩვენთვის „კოვაქს პლატფორმის“ საშუალებით 17 მლნ დოლარამდე ჯდება, საიდანაც 4 მლნ დოლარი წინასწარი შენატანის სახით ოქტომბერში უკვე გადაირიცხა. როგორც კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინას დაამტკიცებს, ის ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, გარდა ამისა, ქვეყანა ცდილობს სხვადასხვა კომპანიებთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს, რათა ვაქცინა, იმაზე სწრაფად იყოს საქართველოსთვის ხელმისაწვდომი, ვიდრე ამას ელიან.
„ვმუშაობთ ალტერნატიულ გზებზე ანუ არ გამოვრიცხავთ პირდაპირ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიებთან, რომელიც შეიძლება ქვეყანას უფრო ძვირი დაუჯდეს, თუ ვაქცინა ადრეულ ეტაპზე იქნება ხელმისაწვდომი. რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
მან ასევე განმარტა, რომ რამდენიმე ქვეყანაში გარკვეული ჯგუფების ვაქცინაცია შეიძლება დეკემბრის ბოლოდან დაიწყოს, თუმცა ვაქცინებზე უფრო ფართო მასშტაბიანი ხელმისაწვდომობა მომავალი წლის გაზაფხულიდან იქნება.
კითხვაზე - ვინ აიცრება პირველ რიგში, NCDC-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვაქცინაცია, სავარაუდოდ, სამედიცინო მუშაკებით დაიწყება.
„ყველაზე მაღალ რის-ჯგუფს წარმოადგენენ ჩემი კოლეგები... ყველგან, იგივე აშშ-შიც ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალიდან იწყება; მეორე რისკ-ჯგუფი იქნება ხანდაზმულები და სადაც არის სხვა თანმხლები დაავადებები, როგორიც არის ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობები; მხოლოდ ამის შემდეგ ვაქცინაცია მოხუცთა სახლების, თავშესაფრებში და ა.შ. მოხდება“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, მოსახლეობისთვის COVID-19-ზე ვაქცინაცია უფასო იქნება. კერძოდ, საუბარია იმ ვაქცინაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ყიდულობს.