მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Credit Suisse მეოთხე კვარტალში $1.6 მილიარდის ზარალს პროგნოზირებს

637df00e9ecc6
გიორგი თოლორდავა
23.11.22 14:32
678
უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის ანალიტიკოსები მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში 1.6 მილიარდი დოლარის ზარალს პროგნოზირებენ.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, უაღრესად არასახარბიელო კვარტალური შედეგები "რესტრუქტურიზაციის რადიკალური" სტრატეგიითა და იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ბანკის უმსხვილესი კლიენტები ანგარიშებს ხურავენ და Credit Suisse-დან აქტივების გატანას უჩვეულოდ მაღალი ტემპით ცდილობენ.

Credit Suisse-ის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოქტომბრიდან მოყოლებული ბანკის ქონების მართვის დეპარტამენტიდან კლიენტებმა აქტივების 10% გაანაღდეს, რაც იმას გულისხმობს, რომ ბანკს 88 მილიარდი დოლარის გაცემა მოუწია, თავის მხრივ, ეს მოვლენა მნიშვნელოვნად ზრდის იმის რისკებს, რომ Credit Suisse-ი კრიტიკულ სარეზერვო ნიშნულამდეც მივიდეს და ბანკი ლიკვიდობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს.

ბუნებრივია, აღნიშნული სიახლე ინვესტორებმა ნეგატიურად მიიღეს, საფონდო ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში Credit Suisse-ის აქციები 4.3%-ით დაეცა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 9.8 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

მსხვილი კლიენტებისა და ინვესტორების მხრიდან Credit Suisse-ის მიმართ ნდობის დაკარგვა რამდენიმე საკვანძო ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში ეს შვეიცარიული ბანკის ახალი მენეჯმენტის "რადიკალური რესტრუქტურიზაციის" სტრატეგიას უკავშირდება, რომელიც ბანკის ძირითადი საქმიანობის პროფილის შეცვლას ისახავს მიზნად.

აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში, Credit Suisse-ის ხელმძღვანელობამ საინვესტიციო ბანკის სეკურიტიზებული პროდუქციის (SPG) პორტფელის Apollo Global Management-ზე გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო სეკურიტიზებული პროდუქციის პორტფელი მრავალი ტიპის სახელშეკრულებო ვალს აერთიანებს, ისეთი როგორიცაა: კომერციული და უძრავი ქონების იპოთეკა, ავტოსესხები და საკრედიტო ბარათების სავალო ვალდებულებები.

SPG-ს გაყიდვა ფაქტობრივად საკრედიტო პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილის გასხვისებას გულისხმობს. წინასწარი შეფასებით, გარიგების დასრულების შემდეგ, Credit Suisse-ის სეკურიტიზებული პორტფელის მოცულობა $75 მილიარდიდან $20 მილიარდამდე შემცირდება, ანუ საინვესტიციო ფონდი Apollo Global-ი შვეიცარიული ბანკისგან $55 მილიარდის ღირებულების საკრედიტო პორტფელს გამოისყიდის.

Credit Suisse-ის წარმომადგენლობის განმარტებით, ეს გარიგება კომპანიას ორ შესაძლებლობას მისცემს: პირველ რიგში, მნიშვნელოვნად დაიკლებს რისკის დონე, რადგან პორტფელის მოცულობა მკვეთრად შემცირდება და მეორე - კომპანია ნაღდი ფულის სახით შემოსავლის მიღებას შეძლებს, რაც რესტრუქტურიზაციის სტრატეგიას და Credit Suisse-ის ოპერირებას მოხმარდება.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური კრიზისისა და უაღრესად არასახარბიელო კვარტალური შედეგების დაფიქსირების ფონზე, Credit Suisse სამსახურიდან 9,000 თანამშრომელს ათავისუფლებს. კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, 2025 წლამდე Credit Suisse-ის თანამშრომლების რაოდენობა 52,000-დან 43,000-მდე შემცირდება, რაც "რადიკალური რესტრუქტურიზაციის" სტრატეგიის ნაწილია და ის კომპანიის ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Credit Suisse $4.1-მილიარდიან ზარალზე გავიდა, რამაც ანალიტიკოსების ყველაზე ნეგატიურ მოლოდინებსაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

Credit Suisse-ის მენეჯმენტის მიერ კომპანიის აქციონერებისთვის გაგზავნილ განმარტებით წერილში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული თანხა არ წარმოადგენს პირდაპირ საოპერაციო ზარალს და ის, უმეტესწილად, გადავადებული კრედიტების გადაფასებით, აქტივების ნაწილის ჩამოწერითა და ახალი სტრატეგიული შეფასებითაა განპირობებული, შესაბამისად, ეს მონაცემები ინვესტორებმა განგაშის სიგნალად არ უნდა მიიღონ.

ბანკის ახალარჩეული გენერალური დირექტორის, ულრიხ კორნერის განცხადებით, "რადიკალური რესტრუქტურიზაციის" სტრატეგია ოფიციალურად დაწყებულია და მომდევნო თვეების განმავლობაში ინვესტორები მაღალი ვოლატილობისთვის მზად უნდა იყვნენ.

კორნერის განმარტებით, Credit Suisse-ის საინვესტიციო პორტფელში მაქსიმალურად შემცირდება მაღალრისკიანი აქტივებისა და კრედიტების რაოდენობა, გარდა ამისა, ძირითად ბანკს გამოეყოფა დამოუკიდებელი საინვესტიციო ბანკი, რომლის სახელწოდება CS First Boston იქნება. CSFB-ის აქციები საფონდო ბირჟაზე ცალკე განთავსდება და მას საკუთარი მენეჯმენტი და დირექტორთა საბჭო ეყოლება.

Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის ახალი სტრატეგია ქონებისა და აქტივების მართვის მიმართულების გაძლიერებას და შვეიცარიული ბანკის შებღალული რეპუტაციის აღდგენას ითვალისწინებს, რაც წლების განმავლობაში უამრავმა სასამართლო დავამ, საერთაშორისო სკანდალმა და იმედგამაცრუებელმა კვარტალურმა შედეგმა განაპირობა.