მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლიენტებმა Credit Suisse-დან $68 მლრდ გაიტანეს | ბანკის ინვესტორები სასამართლოში ჩივიან

644660506b283
გიორგი თოლორდავა
24.04.23 18:53
819
გაკოტრებულმა შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse-მა ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბანკის კლიენტებმა პირადი ანგარიშებიდან დაახლოებით 68 მილიარდი დოლარის აქტივები გაიტანეს, რაც Credit Suisse-ის ლიკვიდური პორტფელის 57%-ია.

პირველ კვარტალში დაფიქსირებული დეპოზიტების გადინება იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ Credit Suisse-მა ფაქტობრივი კოლაფსი განიცადა, მისი მფლობელი კი UBS გახდა, რომელმაც 167-წლიანი ისტორიის მქონე ბანკი სულ რაღაც 3.2 მილიარდ დოლარად შეისყიდა.

Credit Suisse-ის კოლაფსის ფონზე, ბანკის უმსხვილეს ინვესტორებს სასამართლოში კოლექტიური სარჩელი შეაქვთ და ისინი შვეიცარიის საფინანსო ბაზრების მარეგულირებელს კორუფციაში ადანაშაულებენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, მარეგულირებელმა ნაჩქარევად დაადასტურა ქვეყნის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე მასშტაბური გარიგება, რაც აჩენს იმის ეჭვს, რომ უწყების ქმედება მიზანმიმართულად ემსახურებოდა UBS-ის ინტერესებს და უგულებელყოფდა Credit Suisse-ის ინვესტორების უფლებებს, რომლებმაც ამ $3.2-მილიარდიანი გარიგებით კოლოსალური ზარალი მიიღეს.

დავა დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის აქტივებს მოიცავს, რომელშიც Credit Suisse-ის მიერ გამოშვებული ობლიგაციები, ფასიანი ქაღალდები, აქტივების პორტფელი და აქციები შედის.

საჩივრის გარდა, ამ გარიგების საკითხზე ქვეყნის პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო. ოფიციალური უწყების განმარტებით, UBS-Credit Suisse-ის შერწყმა უპრეცედენტოდ სწრაფად მოხდა, რაც არალეგალურობის გარკვეულ რისკებს შეიცავს.

მოგეხსენებათ, რომ უმსხვილესი ბანკების შერწყმის გადაწყვეტილება გასული თვის შაბათ-კვირას, 48-საათიანი მსჯელობის შედეგად იქნა მიღებული და ის, თავისი არსით, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელიც შვეიცარიის საბანკო-საფინანსო სექტორის კრიზისისგან გადარჩენას ისახავდა მიზნად.

მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც მთავრობის, ასევე ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მაღალჩინოსნები. UBS-ის ხელმძღვანელობის განმარტებით, გაკოტრებული Credit Suisse-ის შესყიდვა ბანკის პირდაპირ ინტერესებში არ იყო, თუმცა ეს ერთადერთი გზა იყო კრიზისის თავიდან ასარიდებლად.

პროკურატურის განმარტებით, მსგავსი მასშტაბით გადაწყვეტილება სათანადო შესწავლას და გამოძიებას საჭიროებს, რათა თავიდან იქნეს არიდებული უკანონობის რისკები. აღსანიშნავია, რომ UBS-CS-ის შერწყმამ ექსპერტთა ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რადგან აღნიშნული გარიგება ქვეყანაში აბსოლუტური საბანკო მონოპოლიის გაჩენის რისკებს შეიცავს, რომლის აქტივების მოცულობა შვეიცარიის მშპ-ზე თითქმის ორჯერ მეტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები