მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდება

5e0b48588817a
შოთა ტყეშელაშვილი
01.01.20 12:00
15953
2020 წლის პირველი იანვრიდან რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება შედის ძალაში, რომლებიც საგადასახადო და ბიზნესის კეთების რეგულაციებს ეხება. ამასთანავე, პირველი იანვრიდან ამოქმედდება განახლებული ტარიფიც, რომლითაც აბონენტებს 112-ის საკომისიოები ჩამოეჭრებათ. 

112-ის გაზრდილი საკომისიო

2019 წლის 30 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც 112-ის მომსახურების საფასური განისაზღვრა.  საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული აბონენტები 112-ის საფასურის სახით, თვეში 40 თეთრს გადაიხდიან. ეს ფიზიკური პირების შემთხვევაში ორჯერ მეტია იმ მოსაკრებელზე (20 თეთრზე), რომელიც ამჟამად არის გათვალისწინებული. იურიდიული პირებისთვის კი ახალი ტარიფი, მათთვის დღეს მოქმედ 50 თეთრთან შედარებით, 10 თეთრით ნაკლებია. უფრო ვრცლად ამ საკითხის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის ტარიფის ცვლილება

სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად, როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის. 

"რაც შეეხება ტარიფის მოდელს, კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და მომხმარებელი (საოჯახო სასტუმროს მფლობელი) უფლებამოსილია მოითხოვოს მათგან ერთ-ერთი. 

პირველი მოდელის შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელის მთელ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღირიცხება ერთობლივად, რა შემთხვევაშიც არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25მ3-ს. 

მეორე მოდელის მიხედვით, სასმელი წყლის მოხმარება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხება განცალკევებულად. ანუ, მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების სისტემატური და ორგანიზებული მომსახურება, სასმელი წყლის საფასური დაირიცხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. 

ამ მოდელის გამოყენების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი ისარგებლებს ორი მრიცხველით. მათგან ერთი განკუთვნილი იქნება საყოფაცხოვრებო (საკუთარი) მოხმარების აღსარიცხავად, რა შემთხვევაშიც მომხმარებელი ისარგებლებს სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო მეორე მრიცხველი დამონტაჟდება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხდება ტურისტების მომსახურება. სწორედ აღნიშნული მომსახურების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი გადაიხდის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. 

სემეკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ხანგრძლივი განხილვებისა და დისკუსიების შედეგად. განხილვებში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე. მათ შორის, საოჯახო სასტუმროს მფლობელები, ბინის გამქირავებლები, ტურიზმის დეპარატმენტის, სექტორის წარმომადგენლები და ენერგოომბუდსმენი",- ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები