მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკავებულია პირი, რომელმაც ყალბი facebook-პროფილით 14 ადამიანი მოატყუა - ზარალი 3 930 ლარია

61877f78af4a9
ინგა მურუსიძე
07.11.21 11:22
1044
პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო შეღწევის ბრალდებით დააკავეს 1998 წელს დაბადებული ლ.შ., რომელიც წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის არის ნასამართლევი, - ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.შ.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ შექმნა გვერდი, რომლის საშუალებითაც მას მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდა, თითქოს დაბალპროცენტიან სწრაფ სესხებს გასცემდა.

„დაინტერესებული მოქალაქეები აღნიშნულ გვერდზე საკუთარ საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს აგზავნიდნენ, რომლებიც რეალურად ლ. შ.-ს პირად გვერდზე იგზავნებოდა. მონაცემების მიღების შემდეგ, ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან ტოტალიზატორის ანგარიშზე სხვადასხვა თანხას ირიცხავდა, შემდეგ კი პლასტიკური ბარათით ანაღდებდა.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია 14 დაზარალებული, მათთვის მიყენებული ზარალი კი 3 930 ლარს შეადგენს.

პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.