მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამატებითი რეგულირება წარმოებებს პრობლემებს შეუქმნის - ფარმაცევტთა ასოციაცია

5f104e9d01c60
ვიქტორია მღებრიშვილი
16.07.20 20:59
1226
არ უნდა შევქმნათ ზედმეტი დამატებითი ბარიერები, რომლებიც წარმოებებს პრობლემებს შეუქმნის, - ამის შესახებ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ ფარმაცევტული სექტორის საჭიროებების შესახებ საუბრისას განაცხადა. ის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „ბიზნესის განვითარების პერსპექტივები და კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობები“ ესწრებოდა.

ლევან გოგიბერიძემ აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში მედიკამენტების ექსპორტ-იმპორტის გართულებამ ფასები გარკვეულწილად გაზარდა.

„პანდემიამ თავისი გავლენა იქონია ფარმაცევტულ ბაზარზე, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როდესაც ტრანსპორტირება გაჩერებული იყო და იმპორტი შეფერხებული იყო. აქედან გამომდინარე ამან გამოიწვია გარკვეულწილად ფასების ზრდა. თუმცა, დღეს ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით რაიმე პრობლემა არ არსებობს“, - აღნიშნა გოგიბერიძემ.

მისივე თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში ადგილობრივი წარმოების რეგულირება ბიზნესებს პრობლემებს შეუქმნის. ლევან გოგიბერიძემ აღნიშნა, რომ სამთავრობო სტრუქტურებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკა) გადავადების შესახებ.

„ახალი რეგულირებების მიღება, როდესაც დღევანდელობამ დაგვანახა რომ ადგილობრივი წარმოებები და მათ შორის ფარმაცევტული საწარმოები სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ამიტომ არ უნდა შევქმნათ ზედმეტი დამატებითი ბარიერები, რომლებიც ამ წარმოებებს პრობლემებს შეუქმნის.

არის ვალდებულებები რომ ფარმაცევტული სექტორი ახალ სტანდარტებზე გადავიდეს 2022 წლისთვის, თუმცა, ამჟამად შემიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამის სტრუქტურებთან, რომ ვადებთან დაკავშირებით მოხდეს გარკვეული ცვლილება, რომელიც დადებითი იქნება როგორც ქვეყნისთვის, ასევე სექტორისთვის“, - განაცხადა ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მედიკამენტების რეგისტრაციის ვადების გახანგრძლივება ფარმაცევტულ ბიზნესზე იმოქმედებს და წამლის ღირებულება სავარაუდოდ 7-10%-ით გაიზრდება.