მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარგები, სადაც სამუშაო ადგილები შესაძლოა პანდემიის დასრულების შემდეგაც არ აღდგეს

5f54f69aa90d4
BM.GE
07.09.20 00:12
1387
მიმდინარე წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, ჯამურად, აშშ-ში 22 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა. ამ დროისთვის, მათი მხოლოდ 48% აღდგა, დანარჩენი კი - გაუქმდა. CNN Business-ი წერს იმ დარგებზე, სადაც სამუშაო ადგილები, შესაძლოა, პანდემიის დასრულების შემდეგაც არ აღდგეს.

გამოცემის ცნობით, სამწუხარო რეალობაა ის, რომ სამუშაო ადგილების სწრაფად აღდგენის ტემპი ჯერ არ შეინიშნება და დასაქმების პრობლემა 2020-2021 წლების გამოწვევად რჩება.

ე.წ. შეჩერებული საქმიანობების უმეტესობა იმ ინდუსტრიებში გვხვდება, რომელზეც გავლენას სოციალური დისტანცირება ახდენს, ესენია: გასართობი ცენტრები, რესტორნები, პირადი მოვლის ცენტრები და ა.შ. მართალია, პანდემიის შიშის დაძლევის ფონზე, ამ დარგებში სამუშაო ადგილები მეტწილად აღდგენადია, მაგრამ თვითმომსახურება, ელექტრონული კომერციის სწრაფად ათვისება, დისტანციური საქმიანობები და ონლაინ სწავლება კიდევ რამდენიმე ინდუსტრიაში სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს, რაც, სფეროს ექსპერტების შეფასებით, პანდემიის მიღმაც გაგრძელდება.

გაყიდვების სფერო

მიუხედავად იმისა, რომ ივლისისთვის საცალო ვაჭრობა რეცესიამდელ დონეს დაუბრუნდა, თებერვლიდან საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში დასაქმება 5.8%-ით შემცირდა, კვებისა და სასმელების მაღაზიების მიღმა, საცალო ვაჭრობაში დასაქმება კი - 7,5% -ით. JCPenney, Brooks Brothers და Sur La Table კი იმ ათობით საცალო მოვაჭრეთა შორის არიან, რომლებიც გაკოტრდნენ.

საოფისე და ადმინისტრაციულ მხარდაჭერასთან დაკავშირებული სამუშაო ადგილები

პანდემიის დაწყების შემდეგ, ამ სფეროში უმუშევრობის დონე ბევრად გაიზარდა (თებერვალში - 3.3%, ივლისში - 9.8%), ვიდრე სხვა საოფისე სამუშაოებზე, რადგან ბევრი ბიზნესი ხარჯების შემცირებას აანონსებს; არსებობს მოლოდინი, რომ ამ ტიპის სამუშაოების შესასრულებლად შემდგომში ტექნოლოგიების გამოყენებას მიმართავენ.

განათლების სექტორი

პანდემიამ სწავლების ონლაინ მოდელზე გადასვლა დააჩქარა, რადგან კოლეჯები და უნივერსიტეტები იძულებულნი იყვნენ, 2019-2020 სასწავლო წელი დისტანციურად დაეხურათ. 2020-2021 სასწავლო წელი კი, ძირითადად, ონლაინ კომპონენტით იწყება, რაც შესაძლოა, სრულად დისტანციური სწავლების წინაპირობაც გახდეს. ონლაინ განათლების ზრდა და შედეგად, პედაგოგთა შემცირება, პანდემიის დასრულების შემდეგაც ძალაში დარჩება. კერძო უმაღლესი განათლების სექტორში დასაქმების მაჩვენებელი თებერვლიდან ივნისამდე 12%-ით შემცირდა.

საჰაერო მოგზაურობა და სასტუმროები

პანდემიამ მკვეთრად შეამცირა მივლინებების რაოდენობა; შედეგად, ნათლად გამოიკვეთა ვიდეოკონფერენციების ეფექტურობა ტექნოლოგიების საშუალებით. ამასთან, ბიზნესის მოცულობისა და შემოსავლების მუდმივი ვარდნა, პანდემიის დასრულების შემდეგ, სასტუმროების და ავიაციის სექტორში კიდევ უფრო ნაკლებ სამუშაო ადგილს ნიშნავს.

კომერციული უძრავი ქონება

ექსპერტების შეფასებით, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე მასიური გადასვლა, ონლაინ შოპინგი და ონლაინ სწავლება, საცალო და საოფისე ფართებზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს; ეს ცვლილება კი, უპრეცედენტო გავლენას მოახდენს არასაცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაზე, რადგან ამ ტიპის მშენებლობები შეჩერდება. ასევე, სამუშაო ადგილები შემცირდება ისეთ საწარმოებში, რომლებიც იყენებენ საოფისე შენობების და საცალო მაღაზიების მომსახურებას: დასუფთავებას, დაცვას და ა.შ.