მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარღვევები დიაბეტის პროგრამის ფარგლებში - აუდიტის ანგარიში

62acced8e587e
ალა ისპირიანი
17.06.22 23:19
789
აუდიტმა „COVID-19-ის პანდემიის პირობებში სამედიცინო სერვისების უწყვეტობის“ ანგარიში გამოაქვეყნა, რონელშიც ნათქვამია, რომ 2020-2021 წლებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა რაოდენობა შემცირებული იყო.

კერძოდ, 2019 წელთან შედარებით, ბენეფიციართა ზრდის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირებულია დიაბეტით დაავადებული პაციენტების რაოდენობა (27,7%-ით), რომელთაც 2020-2021 წლებში მათთვის განსაზღვრული ამბულატორიული სერვისებით ისარგებლეს.  კლების ტენდენცია შეიმჩნევა პროგრამებით მოსარგებლე იშვიათი დაავადებების მქონე (43,5%-ით) და C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების რაოდენობაშიც (27%-ით).

ამასთან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ბავშვთა შაქრიანი დიაბეტისა და იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მომსახურების და ანტენატალური სერვისით მოსარგებლე 225 გამოკითხულიდან 186 მიუთითებს, რომ მათთვის სამედიცინო დაწესებულებას  არ შეუთავაზებია, რომ ექიმთან კონსულტაცია დისტანციურად გაევლოთ: "სააგენტოს მხრიდან არ შემუშავებულა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების მიღების დისტანციურ შესაძლებლობას"- წერია ანგარიშში.

ამასთან, აუდიტის შედეგად გამოვლინდა რისკი, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვების პროგრამის ბენეფიციარები მათთვის განსაზღვრულ სამედიცინო კონსულტაციას არ იღებენ პროგრამაში რეგისტრირებულ მიმწოდებელთან, მაშინ როდესაც სერვისის ღირებულება სახელმწიფოს მხრიდან არის დაფარული.

"არსებობს რისკი იმისა, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად, სერვისის მიმწოდებლის მიერ მათი გადამისამართება სხვა სამედიცინო დაწესებულებაში ხდება, სადაც ექიმის კონსულტაციის ხარჯს თავად ბენეფიციარები ფარავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარგებლეები არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას პროგრამით გათვალისწინებული სერვისების შესახებ", - წერია აუდიტის ანგარიშში. 

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის მიზნით, მთავრობის დადგენილებაში „ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“, 2020 წლის აპრილში ცვლილებები შევიდა და შესაძლებელი გახდა მომსახურებების დისტანციურად მიღება. თუმცა, როგორც აუდიტი წერს, სერვისის მიწოდების მექანიზმი დამატებითი დოკუმენტებით არ განსაზღვრულა. ამავე დადგენილებით განისაზღვრა წესი მედიკამენტების გამარტივებული გზით გაცემასთან დაკავშირებით, მათ შორის, იზოლაციაში მყოფ ბენეფიციარებზეც.

აუდიტის ანალიზის მიხედვით, შესწავლილი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიხედვით შემცირებულია სერვისის მიმღებთა რაოდენობა, რისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი მომსახურების მისაღებად ალტერნატიული მექანიზმების არარსებობაა.

მონაცემთა ანალიზიდან იკვეთება, რომ დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული სერვისით მოსარგებლეთა რაოდენობა პანდემიის პირობებში შემცირებულია, თუმცა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით, შედეგები განსხვავებულია და პანდემიის მიუხედავად გაზრდილია იმ ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებმაც მედიკამენტები მიიღეს.