მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარწმუნებული ვარ, უწყებები დაუმსახურებელ პრემიას არ გასცემენ - მინისტრი აუდიტის ანგარიშზე

5fcdeeb6ec49d
ინგა მურუსიძე
07.12.20 13:05
831
გასული კვირის ბოლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ თანამშრომლებზე გაცემულმა დანამატმა ჯამში 526,038 ლარი შეადგინა. "დანამატის საფუძვლად წარმოდგენილ იქნა მოხსენებითი ბარათები, რომლებიც ისევე, როგორც ბრძანებები, იყო ზოგადი ხასიათის და არ შეიცავდა ინფორმაციას, თუ რა კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის გაიცა დანამატი. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც გაცემულ დანამატს დაასაბუთებდა", - წერია ანგარიშში. 

აუდიტის სამსახურის დასკვნის კომენტირებისას ოპოზიცია ამტკიცებს, რომ "ეს არის თანხა, რომელსაც ექსპერტიზის ბიურო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების დაწერაში იღებს".

უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მედიამ აუდიტის ანგარიშის შეფასება ფინანსთა მინისტრსაც სთხოვა. ივანე მაჭავარიანის თქმით, „არ ხდება არანაირი კომპენსაციის გაცემა, რომელსაც საფუძველი არ აქვს“.

„დარწმუნებული ვარ, რომ არც სამხარაულის ეროვნული ბიურო და არც სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყება დაუმსახურებელ პრემიას არ გასცემს. თუ რაიმე დოკუმენტაცია არის მოსაწესრიგებელი ან ბაზა შესავსები, ეს სხვა საკითხია. შეიძლება ფორმის საკითხი იყოს. ხშირად ხდება, რომ აუდიტის სამსახური გამოთქვამს კრიტიკულ აზრს, მათ შორის ფინანსთა სამინისტროზე, ეს მათი ფუნქციაა და სწორია, მაგრამ შინაარსობრივად, არ მგონია, იქ საფუძველი ყოფილიყო“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.