მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ფერაძე: რომ არა კურსთაშორისი სხვაობა, რკინიგზა წელს 66 მლნ-ის წმინდა მოგებით დაასრულებდა

5e05b89782e61
შოთა ტყეშელაშვილი
27.12.19 12:13
2546
საქართველოს რკინიგზის CEO-მ დავით ფერაძემ 2019 წლის ტვირთბრუნვისა და კომპანიის ფინანსური შედეგების შესახებ Forbes Georgia-ს აღმასრულებელ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა. 

2019 წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზისთვის იყო პირველი წელი, როდესაც კომპანიის ტვირთბრუნვა გაიზარდა. 2019 წლის განმავლობაში კომპანია 10.8 მილიონი ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 8%-ით მეტია. 

დავით ფერაძე აღნიშნავს, რომ ამ გაუმჯობესების შედეგად, საქართველოს რკინიგზის მთლიანი შემოსავალი 501 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 

"საქართველოს რკინიგზამ წელს მიიღო ნახევარ მილიარდზე მეტი ლარის შემოსავალი, უფრო კონკრეტულად 501 მილიონი ლარის შემოსავალი. საოპერაციო შემოსავალი გაიზარდა, დაახლოებით, 15%-ით, ეს არის დაახლოებით, 68 მილიონი ლარი. აქვე შემიძლია დავამატო, რომ ერთი არის ტვირთების გადაზიდვა და მეორე არის ჩვენი სერვისი - ეს არის უფრო მეტად სოციალური სერვისი, რაც მგზავრთა გადაყვანას წარმოადგენს. მგზავრთა გადაყვანაშიც რეკორდული მაჩვენებლებია 2019 წელს. 3 მილიონზე მეტი მგზავრი გადავიყვანეთ წელს საქართველოს რკინიგზის საშუალებით. ამ საქმიანობიდან შემოსავალი გაიზარდა 31 მილიონ ლარამდე", - ამბობს დავით ფერაძე. 

შემოსავლების მოცულობის გაუმჯობესებით მიუხედავად, 2019 წელსაც რკინიგზა ზარალით დაასრულებს. ზარალის საპროგნოზო მაჩვენებელი 69 მილიონ ლარს შეადგენს. 

დავით ფერაძის განმარტებით, უარყოფითი ფინანსური შედეგის უმთავრესი მიზეზი კურსთაშორისი სხვაობაა. რომ არა კურსის ცვლილება, ფერაძის თქმით, რკინიგზას 66 მილიონი ლარის წმინდა მოგება ექნებოდა. 

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შემოსავლები სატვირთო გადაზიდვებიდან ძირითადად არის დოლარის ექვივალენტში, საკმაოდ დიდი სესხი აქვს აღებული 2011 წლიდან კომპანიას და, შესაბამისად, ლარის ცვლილება მოქმედებს ფულის გასავალზე. რომ არა ლარი-დოლარის კურსის ცვლილება, წელს კომპანია საქმიანობას 66 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულებდა,”- აღნიშნავს საქართველოს რკინიგზის CEO. 

დავით ფერაძე რკინიგზის 2019 წლის შედეგების შესახებ - ინტერვიუ



რკინიგზის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ დღეს კომპანიისთვის კვლავ მძიმე პრობლემას წარმოადგენს თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელზეც თავის დროზე $215 მილიონი დაიხარჯა. პროექტის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ შეწყდა და ის დღეს კომპანიისთვის ამორტიზებულ აქტივს წარმოადგენს. დავით ფერაძე ამბობს, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებისთვის აღებულ უცხოურ ვალუტაში ნომინირებულ სესხს დღესაც ემსახურება. 

"ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი გადმოსახედიდან, არის თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ინვესტირებული 215 მილიონის გარკვეული სახით უკან, კომპანიაში მობრუნება. შემოვლითი რკინიგზა საკმაოდ ცნობილი პროექტია ის ბოლომდე ვერ განხორციელდა, შეჩერდა 2014 წელს. სამწუხაროდ, პროექტი დაიწყო ყოველგვარი ეკონომიკური დასაბუთების გარეშე და მისი უკუგება დღეს არის ნული. საქართველოს რკინიგზას დღეს უწევს იმ სესხის დაფარვა, რომელიც პროექტის განხორციელებისთვის იყო აღებული და ის საკმაოდ მაღალი რიცხვია", -  ამბობს დავით ფერაძე.

გაზრდილი შემოსავლის ფონზე, საქართველოს რკინიგზა თანამშრომლების სახელფასო ფონდსაც ზრდის. დავით ფერაძის თქმით, 2019 წლის დეკემბრიდან 11,000 თანამშრომლის ანაზღაურება იზრდება. 

"საოპერაციო შემოსავლიდან ჩვენ მივიღეთ დამატებითი 65 მილიონი ლარი. ტვირთბრუნვის შემთხვევაში 8%-იან ზრდას მოჰყვა შემოსავლების 25%-იანი ზრდა. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ EBITDA (შემოსავლები საპროცენტო განაკვეთის მომსახურებამდე, გადასახადების, ცვეთის და ამორტიზაციის თანხების გამონკლებამდე) გაიზარდა დაახლოებით 31%-ით, ეს არის დამატებითი 54 მილიონი ლარი. ტვირთბრუნვის ზრდასთან ერთად ჩვენ არ დაგვვიწყებია სოციალური საკითხი, ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ჩვენი თანამშრომლები და როგორც უკვე დავპირდით, 2019 წლის პირველი დეკემბრიდან დაახლოებით 11 ათასი თანამშრომელი მიიღებს 10%-იან სახელფასო ნამატს,"- აღნიშნავს რკინიგზის CEO. 

რა ტვირთების ტრანსპორტირება გაიზარდა 2019 წელს? 

საქართველოს რკინიგზის სტატისტიკური ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების გადაზიდვის კლება 2019 წელსაც გაგრძელდა, თუმცა აღნიშნული ვარდნა სხვა ტვირთების - კარბამიდის, ქვანახშირის, სპილენძის მადნებისა და სხვა ტვირთების გადაზიდვაში არსებულმა მატებამ დააბალანსა. 

ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი ცალკეული ტვირთების მიხედვით: 

ქვანახშირი - 512,000 ტონა, ზრდა 2018 წელთან შედარებით 558%; 
კარბამიდი - 132,000 ტონა, ზრდა 2018 წელთან შედარებით 289%; 
მეთანოლი - 408,000 ტონა, ზრდა 2018 წელთან შედარებით 100%; 
სპილენძის მადანი - 383,000 ტონა, ზრდა 2018 წელთან შედარებით 23%; 
მანგანუმის მადანი - 314,000 ტონა, ზრდა 2018 წელთან შედარებით 22%. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის საშუალებით სატრანზიტო ტვირთების მიმღები TOP-5 ქვეყანა აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი, კვიპროსი და ნიდერლანდებია. 

სატრანზიტო ტვირთების TOP 5 გამომგზავნ ქვეყანას კი აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი და სომხეთი წარმოადგენს.