2023 წელს საქართველოს პორტებმა სულ 13.9 მილიონი ტონა ტვირთი მიიღეს და გაატარეს, რაც 2022 წელთან შედარებით 1.1 მილიონი ტონით ნაკლები იყო. საქსტატის ანგარიშში არაა მითითებული თუ როგორი იყო ტვირთბრუნვა უშუალოდ პორტების მიხედვით, თუმცა მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს პორტების დატვირთვა შემცირდა.
სტატისტიკის მიხედვით 2023 წელს შემცირება დაფიქსირდა თხევადი (0.8 მლნ ტონით) და ნაყარი ტვირთების (1.3 მლნ ტონა) მიმართულებით, გენერალური ტვირთების მოცულობა კი დაახლოებით 1 მილიონი ტონით გაიზარდა, ამის მიუხედავად მთლიანად გადატანილი ტვირთების მოცულობა 1.1 მილიონი ტონით შემცირდა.
სულ 2023 წლის განმავლობაში ქართულმა პორტებმა 1,619 გემი მიიღეს, რაც 2022 წელთან შედარებით 13 გემით მეტი იყო, თუმცა საშუალოდ 2023 წელს ქართულ პორტებში 7.5%-ით უფრო ნაკლებად დატვირთული გემები შემოდიოდნენ და გადიოდნენ ვიდრე 2022 წელს. რაც შეეხება დროშების მიხედვით გემების განაწილებას საქართველოში შემოსული 1,619 ხომალდიდან, 285 გემი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 253 გემი პანამის, 237 გემი ლიბერიის, 147 გემი მალტის, 74 გემი კი რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავდა.