მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით საგანელიძე: კატეგორიულად ვიტყვი - შვილობილი საწარმოების მდგომარეობა უმჯობესდება

5f1ea6ffbf798
შოთა ტყეშელაშვილი
27.07.20 14:10
982
"კატეგორიულად ვიტყვი, რომ თითოეული ამ საწარმოს მდგომარეობა უმჯობესდება,"- აცხადებს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე. 

ამ განცხადების მიუხედავად, ჯერჯერობით, უცნობია თუ როგორი ფინანსური შედეგებით დაასრულა საპარტნიორო ფონდმა საქმიანობა 2019 წელს, რადგანაც ფონდს 2019 წლის აუდიტორული დასკვნა ჯერ არ გაუსაჯაროვებია. 2018 წელს კი ფონდის კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, მას 585 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა, რაც 2017 წელს არსებულ 481 მილიონი ლარის ზარალს 104 მილიონი ლარით აღემატებოდა. 

უკვე მეორე წელია, მთავრობა "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. დაგეგმილია ფონდის მართვის სტრუქტურის შეცვლა, ხოლო მის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საწარმოების მართვის – მთავრობისთვის გადაცემა. ამ ეტაპზე "საპარტნიორო ფონდს" ახალ საინვესტიციო პროექტებში შესვლა შეზღუდული აქვს. 

დავით საგანელიძე აცხადებს, რომ მისი შეფასებით, უმჯობესი იქნება თუკი, ფონდის დაფინანსების წყაროდ სახელმწიფო ბიუჯეტი განისაზღვრება. "ეს იქნება უფრო სწორი", - ამბობს ის.

კითხვა: განიხილება თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტი ფონდის დაფინანსების წყაროდ? 

"რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, ეს არის მთავრობის და პარლამენტის განსახილველი თემა. სხვადასხვანაირად შეიძლება მიდგომა. ყველა ქვეყანაში ანალოგიური საფინანსო ინსტიტუტები სხვადასხვა ფორმით ფინანსდება. თუ ისევ შვილობილი კომპანიების დივიდენდზე იქნა ფონდის შემოსავლები, მიმაჩნია, რომ ეს სწორი არ იქნება; რაც შეეხება ბიუჯეტისგან ერთჯერად დაფინანსებას ან შეიძლება მუდმივად ერთჯერადი არ იყოს და რაღაც წლების განმავლობაში სხვადასხვა თანხა დაფიქსირდეს და შეივსოს, იქნება უფრო სწორი.

როცა პრეტენზიაა იმაზე, რომ პარლამენტი ვერ აფინანსებს ასეთი ტიპის საფინანსო საქმიანობებს, უფრო გამჭვირვალე იქნება ამ მხრივაც; მეორე მხრივ კი, საშუალება გვექნება, უფრო მეტად მოვიზიდოთ საერთაშორისო დონორებისგან თანხები, რაც ისევ  საქართველოს ეკონომიკას წაადგება", - ამბობს დავით საგანელიძე.

ამ განცხადების პალარელურად, საგანელიძე ამბობს იმასაც, რომ საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანიების ფინანსური შედგეგები არ არის გაუარესებული.

"მე არ ვიტყოდი, რომ უარესდება ამ კომპანიების მაჩვენებლები. რაც შეეხება სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს, აქ სწორედ ჩვენი მოთხოვნები იყო გათვალისწინებული; ჩვენ პირდაპირ დავაყენეთ საკითხი, რომ ალბათ ჩვენ არ გვაქვს განსაზღვრული დაფინანსება და არ ვიცით, რა იქნება ჩვენი შემოსავალი, რადგან შეუძლებელია ვიცოდეთ შვილობილი კომპანიის დივიდენდი იქნება თუ არა და ვერ ვგეგმავთ სამომავლო პროექტების ბიუჯეტს, ამიტომ მოგეხსენებათ, დროებით ჩვენ ახალი პროექტების განხილვა შეჩერებული გვაქვს.

თქვენ ახსენეთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მდგომარეობა უარესდება. კატეგორიულად ვიტყვი, რომ ეს არასწორი მიდგომაა. კატეგორიულად ვიტყვი, რომ თითოეული ამ საწარმოს მდგომარეობა უმჯობესდება. მაგალითად, გაზისა და ნავთობის კორპორაციამ ძალიან ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა და მოგეხსენებათ, რომ მას მონაწილეობა ჰქონდა გარდაბნის თბოსადგურ 1-სა და 2-ში. ასევე, მშენებლობა დაიწყება გარდაბნის თბოსადგური 3-ის. რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, რკინიგზის მაჩვენებლები ბოლო წლების განმავლობაში უმჯობესდება. რაც შეეხება წაგებას, რომელიც არის დაფიქსირებული, 2012 წელს დაწყებული შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც ისე იყო დაწყებული, რომ მისი Feasability study-იც კი არ იყო გაკეთებული და ამ პროექტში 232 მილიონი გაიხარჯა, რომელიც აღმოჩნდა, რომ იყო აბსოლუტურად უსარგებლო და KPMG-იმ, როგორც საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ გახარჯული თანხა და ეს პროექტი ჩამოწერა რკინიგზის ბალანსიდან. ამან კი ლარებში თუ გადავიყვანთ, 700 მილიონიან ზარალზე გაიყვანა რკინიგზა",  - ამბობს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი. 

რა სახით განიხილება ფონდის რეფორმირება?

"დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი ფონდის რეფორმირების შესახებ. ფონდი 2010 წელს შეიქმნა და დღესდღეობით, ის თავისი სტრუქტურით ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, რომ საპარტნიორო ფონდი ძირითადად კაპიტალში შემავალი Equity ფონდი, პარალელურად, როდესაც ის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მფლობელიც არის, ეს არის არასწორი. დიდი ხანია დღის წესრიგში ვაყენებთ, რომ ისეთი სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებშიც ფონდი არ მონაწილეობს მართვაში და მხოლოდ სიმბოლურად არის ჩვენთან და მათი დივიდენდი, პირობითად ამ დივიდენდით სულდგმულობს ფონდი, ეს არ იქნება სწორი. უკვე დაწყებულია ცვლილებები. ენერგეტიკის ობიექტები უკვე გასულია ფონდიდან. არის ამჟამად საქართველოს რკინიგზა და გაზისა და ნავთობის კორპორაცია, რომელიც იმედი მაქვს, რომ მომავალში ასევე გავა ფონდიდან. იმედი მაქვს, რომ ფონდს შეუნარჩუნდება ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებით, რეგიონების მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი. ისეთი პროექტების, რომელთაც ბანკები არ აფინანსებენ, რადგან არის ან სტარტაპი ან არის მაღალი რისკები და ისინი სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი. სწორედ ეს მნიშვნელოვანი პროექტები უნდა იყოს საპარტნიორო ფონდის საქმიანობის მთავარი მიზანი და ამოცანა და არა სახელმწიფო კომპანიების თავმოყრა," - ამბობს საგანელიძე.