თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამატრები წარადგინა.
დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, თბილისის ბიუჯეტი ჯამურად 1 მილიარდ 632 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 326 მლნ ლარით აღემატება.
გარდა ამისა, თბილისის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სახრების პროექტების ფარგლებში 166 მილიონი ლარის ღონისძიებებს განახორციელებს. ჯამურად კი, 2023 წელს დედაქალაქში განსახორციელებელი პროექტების ღირებულება 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს.
დოკუმენტის ხარჯვით ნაწილის თანახმად: ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 515 მლნ ლარია გათვალისწინებული; გარემოს დაცვის მიმართულებით - 198 მლნ ლარი; ტრანსპორტის სუბსიდია - 286 მლნ ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსება - 39 მლნ ლარი; მუნიციპალური ბაღები - 171 მლნ ლარი; ავარიული შენობების გამაგრება და ჩანაცვლება - 32 მლნ ლარი; გარდამავალი პროექტები - 115 მლნ ლარი.
ერთ-ერთი ძირითადი პროექტი, რომლის განხორციელებასაც დედაქალაქის მერია 2023 წლიდან გეგმავს 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა და ახალი ავტობაზის მშენებლობაა.
ვიცე-მერის განცხადებით, მრავალწლიანი პროექტის განხორციელება მომდევნო წელს დაიწყება და მისი ღირებულება 60 მლნ ლარი იქნება, საიდანაც 40 მლნ ლარი ავტობუსების შესაძენად დაიხარჯება, 20 მლნ კი - ავტობაზის მშენებლობისთვის. პროექტის ჯამური ღირებულება კი 300 მლნ ლარზე მეტია.
ასევე, იგეგმება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლიც მოიცავს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის, ტროტუარების, სანიაღვრე და კომუნიკაციის ქსელისა და გარეგანათების სისტემის მოწყობას. პროექტის ჯამური ღირებულება 45 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც მომდევნო წელს 25 მლნ ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.
2023 წელს დედაქალაქის მერია შემდეგი პროექტების განხორციელებასაც გეგმავს:
დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია - 4 მლნ ლარი;
უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - 7 მლნ ლარი;
მშვიდობის ხიდის რეაბილიტაცია - 2 მლნ ლარი;
სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები;
წინამძღვრიშვილის ქუჩის N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები - 5 მლნ ლარი;
ვაზისუბანში პარკის რეაბილიტაცია - 3.5 მლნ ლარი (ჯამური ღირებულება 7 მლნ);
მაიაკოვსკის ძეგლთან არსებული პარკების რეაბილიტაცია - 4 მლნ 900 000 ლარი;
ციციშვილის პარკის რეაბილიტაცია - 3 მლნ 500 000 ლარი;
მუხიანის პარკის რეაბილიტაცია - 2 მლნ 250 000 ლარი (ჯამური ღირებულება 5 მლნ 500 000 ლარი);
პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია - 3 მლნ 500 000 ლარი;
ისნისა და სამგორის რაიონებში რამდენიმე პარკის რეაბილიტაცია - 4 მლნ ლარი;
სამგორში, ე.წ. სამხედრო ქალაქის მიმდებარედ, 130 000 კვ.მ-ზე ახალი პარკის მოწყობა;
ნარჩენების მიმართულებით, პოლიგონის მეოთხე უჯრედის მოწყობა - 3 მლნ ლარი;
ზოოპარკთან დამაკავშირებელი, გმირთა მოედანთან მდებარე და იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია;
კახეთის გზატკეცილზე მიწისქვეშა გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაცია; „თბილსერვის ჯგუფისთვის“ ახალი სპეცტექნიკის შეძენა - 9 მლნ ლარი;
ხელოვნების სკოლებისა და ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია - 2 მლნ ლარი;
დიღმის მასივის მესამე კვარტალში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშოები - 2 მლნ ლარი, სკეიტპარკების და სტადიონების მოწყობა - 3 მლნ ლარი;
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გაძლიერება და აღჭურვა - 5 მლნ ლარი;
უსახლკაროების პროგრამა - 5 მლნ ლარი;
პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა - 10 მლნ ლარი;
2023 წელს სასესხო კომპონენტების ფარგლებში დაგეგმილი პროექტები კი ასეთია:
თბილისის მყარი ნარჩენების მართვა - 30 მლნ ლარი;
საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა - 37 მლნ 500 000 ლარი; თბილისის მეტრო - 30 მლნ ლარი;
მდგრადი ურბანული მობილობა - 25 მლნ ლარი;
თბილისის ავტობუსების პროექტის მეორე ფაზა - 30 მლნ ლარი.
როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, მომავალი წლის იანვარში ასევე წარმოდგენილი იქნება 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილების ახალი პროექტი, რომელშიც გარდამავალი ნაშთი იქნება გათვალისწინებული და დამატებითი ღონისძიებები ჩატარდება.