მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეფიბრილატორის ფასზე ტიკარაძის უწყებამ ამ დრომდე არაფერი დათმო - დაპირებიდან 2 თვე გავიდა

5e50fc2d491e6
თელარა გელანტია
22.02.20 14:30
2180
საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილების გამოცემიდან, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის კარდიოქირურგიასა და რეანიმაციულ მომსახურებაზე ტარიფები გათანაბრდა და რიგ მომსახურებაზე ახალი შემცირებული ტარიფები დადგინდა, 3 თვე გავიდა. დარგის წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ძირითადი შედეგები ასე გამოიყურება - რიგ კლინიკებში ხელფასები 30%-35%-ით შემცირდა, ზოგიერთს კადრების შემცირებაც მოუწია, ზოგიერთი კლინიკა კი, გეგმიურ ოპერაციებს ამ დრომდე არ ატარებს.

კლინიკების მენეჯერები და ექიმები აცხადებენ, რომ მიუხედავად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა და მისი დავალებით, გასული წლის დეკემბერში საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს შექმნისა, სადაც 520-ე დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე უნდა ემსჯელათ, საჭიროების შემთხვევაში ტარიფები თავიდან გადაეთვალათ და გადაწყვეტილებები მიეღოთ, კონკრეტული შედეგი არ ჩანს. მეტიც, საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს ბოლო სხდომა 10 იანვარს გაიმართა.

კარდიოქირურგები/კარდიოლოგები bm.ge-ისთან აცხადებენ, რომ ამ დრომდე გადაუჭრელია დეფიბრილატორის განფასების საკითხიც, რაზეც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში სამინისტრო თითქოს დათმობაზე წავიდა და აღიარა, რომ განფასებაში შეცდომა ჰქონდათ დაშვებული.

ცნობისთვის: დეფიბრილატორი გამოიყენება კარდიოქირურგიაში. ეს არის ელექტრული აპარატი, რომელსაც იყენებენ სამედიცინო პრაქტიკაში გულის კუნთის ფიბრილაციის შესაწყვეტად (მასზე ხანმოკლე ელექტრული იმპულსით ზემოქმედების საშუალებით).

მთავრობის 520-ე დადგენილებით, რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია/ რეიმპლანტაცია 17,000 ლარადაა განფასებული, რაც კლინიკის წარმომადგენლების და ექიმების შეფასებით, არარეალურია, რადგან მხოლოდ კომპლექტის შეძენა საშუალოდ 7000 დოლარი ჯდება.

გასული წლის დეკემბერში გამართულ საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს სხდომაზე სამინისტრო რომ ამ კუთხით თითქოს დათმობაზეც წავიდა, ამაზე ჯანდაცვის მინისტრის და მინისტრის მოადგის განცხადებებიც მეტყველებს.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დეფიბრილიტორთან დაკავშირებით, რაზეც დიდი მღელვარება იყო - დეფიბრილიტორის გამოყენება ანაზღაურდება ფაქტიური დანახარჯის მიხედვით“, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯერ კიდევ 2019 წლის 17 დეკემბერს გააკეთა, თუმცა ის არ იყო ერთადერთი.

2019 წლის 18 დეკემბრით დათარიღებული ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური რელიზიდანაც ჩანს, რომ კლინიკებს ანალოგიური შეთავაზება უშუალოდ მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც გაუკეთა, რომელიც საბჭოს პირველ სხდომას ესწრებოდა.

„ჩვენ გამოვყავით ორი კრიტიკული საკითხი, რომელიც ეხება დეფიბრილატორებს და გადაუდებელ დახმარებას, რეანიმაციას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შევთავაზეთ, რომ მოხდება ფაქტობრივი ხარჯების დათვლა და შესაბამისად ანაზღაურება, რაც იქნება გამონაკლისის სახით და კომისიური წესით წარიმართება“, - ამბობდა 2 თვის წინ ტიკარაძე.

რამდენიმე დღის წინ კი, ეკატერინე ტიკარაძემ bm.ge-ის განუცხადა, რომ დეფიბრილატორებთან დაკავშირებით ბაზრის კვლევას აწარმოებენ და როდის იქნება შედეგები, ვერ აკონკრეტებს.

„ვაწარმოებთ ბაზრის კვლევას იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორი ფორმით მოხდება მათი შესყიდვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და მერე გადანაწილება უკვე მომხმარებელზე. ვმუშაობთ როგორც ადგილობრივ მომწოდებლებთან, ისე საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, როდესაც კი გვექნება ეს, გადაწყვეტილებას არ დავაყოვნებთ“, - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

სამინისტროსგან მსგავსი პასუხი მიიღო საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტმა კახა ეცადაშვილმაც.

„მიმოწერა გვქონდა სამინისტროსთან და ბოლო წერილის შემდეგ მათ აქვთ პასუხი, რომ მიმდინარეობს ბაზრის კვლევა, რათა დაადგინონ რა ტიპის აგრეგატებზე იქნება საუბარი, რომლის შეძენასაც შეძლებენ. მე მინდა კითხვით მივმართო იმ ხალხს, ვინც ამას იკვლევს: თუ ამდენი პერიოდი სჭირდებოდა ამ ბაზრის შესწავლას, იქნებ სჯობდა ჯერ ბაზარი შეგვესწავლა და შემდეგ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება და არ ყოფილიყო ეს ნაჩქარევად მიღებული“, - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი.

იმის გამო, რომ დეფიბრილატორის განფასების საკითხი ამ დრომდე გადაუჭრელია, გაკვირვებულია "თბილისის გულის ცენტრის" გენერალური დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძეც.

„დეფიბრილატორზე ცალსახად ითქვა, რომ დეფიბრილატრის თემა წამგებიანია ჯანდაცვის სამინისტროსთვის იმ კუთხით, რომ არასწორად არის დათვლილი. ამ აპარატის თვითღირებულება და სამინისტროს მიერ მოწოდებული ტარიფი არის მინიმალური და შესაბამისად, ამ პროცედურის გაკეთება იმ ტარიფით შეუძლებელია. ეს სამინისტრომაც აღიარა და მისმა ეკონომისტებმაც თქვეს, რომ სწორი ვიყავით ჩვენ და მადლობაც კი უთხრეს ჩვენს სპეციალისტებს, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ და იყო სამუშაო, როგორ მოხერხდეს, რომ შეცვალონ ეს ტარიფი და პაციენტის და კლინიკის მხრიდან როგორ მოხდეს ამის ანაზღაურება. სქემაც კი იყო შემუშვებული, რომ დეფიბრილიტორის გამოყენება ანაზღაურდებოდა ფაქტიური დანახარჯის მიხედვით. უცებ გაჩერდა ყველაფერი და იმის შემდეგ არანაირი შეტყობინება, არანაირი ინფორმაცია ჩვენ არ მიგვიღია. კომუნიკაცია აღარ არის. არცერთი დეფიბრილატორი ჩვენს კლინიკაში არ ჩამდგარა. სხვა კლინიკებშიც ამ დღეში არიან“, - აცხადებს "თბილისის გულის ცენტრის" გენერალური დირექტორი.