29.ივნისი .2020 19:18

დენდროპარკი 10 მლნ-ზე მეტი დაჯდა-ივანიშვილის კომპანიის მტკიცებით, შესვლა სულ უფასო იქნება

views 5502
უკან

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში შესვლა უფასო იქნება, ეს სხვადასხვა მედიით არაერთხელ გაჟღერდა და BM.GE-ის ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციით შეკვეთილში მოწყობილი პარკის მმართველ კომპანია „ურეკი რეზიდენსშიც" დაუდასტურეს.

როგორც კომპანიის დირექტორი პაატა სულაბერიძე ამბობს, დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს გაიხსნება.

„დამთვალიერებლისთვის დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე შესვლა წლის ნებისმიერ დროს უფასო იქნება და ეს ყოველთვის ასე გაგრძელდება. მას შემდეგ, რაც დაანონსდა პარკის გახსნის თარიღი, ინტერესი ადგილობრივ მოსახლეობაში ძალიან გაიზარდა, თუმცა პარკის ტერიტორიაზე დამთვალიერებელს ვერ ვუშვებთ, რადგან იქ ჯერ კიდევ მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. პანდემიიდან გამომდინარე უცხოეთიდან გარკვეული მასალების ტრანსპორტირება დროში გაიწელა და ამიტომ პარკის ამ დრომდე ამოქმედება ვერ მოხერხდა. სრულ დასრულებას 15 ივლისისთვის ველოდებით“, - განაცხადა „ურეკი რეზიდენსის“ დირექტორმა.

bm.ge-ის ინფორმაციით, დენდროლოგიურ პარკში განხორციელებული ინვესტიცია 10 მლნ ლარს აჭარბებს, თუმცა გადამოწმებას პაატა სულაბერიძესთან შევეცადეთ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ პროექტში ჩადებული თანხა 10 მილიონზე მეტია. "თუმცა ჩვენ არ ვაკონკრეტებთ ინვესტიციის ოდენობას; თან პარკის მოწყობითი სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს", - აღნიშნა მან.

კითხვაზე - იგეგმება თუ არა გარკვეული პერიოდის შემდეგ პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემა, დენდროლოგიური პარკის მმართველი კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ "ჯერჯერობით, არა". "მსგავსი რამ, ჯერჯერობით, არ იგეგმება. სავარაუდოდ, ეს ჩვენი მიმართულება იქნება მომავალშიც,  დენდროლოგიურ პარკში არსებული ხე-მცენარეების და ცხოველების მოვლა-პატრონობის ხარჯებს მმართველი კომპანია თავად გაიღებს“, - აღნიშნა მან;

ამასთან, bm.ge-ის კიდევ ერთ კითხვაზე - დაახლოებით, რა ჯდება წლიურად პარკის მოვლა-პატრონობა, "ურეკი რეზიდენსის" დირექტორმა თქვა, რომ ეს ჯერ დათვლილი არ აქვთ. 

კიდევ ერთ კითხვას - "რა კომერციული სარგებელს მიიღებს კომპანია?,  პაატა სულაბერიძე  ასე პასუხობს: „მოგება ის იქნება, რომ ქვეყანას ექნება დენდროლოგიური პარკი“.

„ურეკი რეზიდენსის“ დირექტორმა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამთვალიერებელი პარკში ირმების ნახვას არ უნდა ელოდოს.

„დენდროლოგიური პარკის ძირითადი ღირშესანიშნაობა უნიკალური ჯიშის ხეების მრავალფეროვნებაა - 200-ზე მეტი ხე არის პარკში, აქედან 29 სახეობა არის ახალი დარგული დიდი ზომის ხეები. გარდა ამისა, აქ არსებული პატარა ტბა გაფართოვდა და ამ ადგილას არიან სხვადასხვა ჯიშის ფრინველები - სულ 58 სახეობაა. არის თუთიყუშები და ლემურები. დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე დამთვალიერებლები ვერ ნახავენ ირმებს, როგორც მედია საშუალებებით იყო გავრცეელბული, მათი ნახვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სასტუმრო „პარაგრაფის“ მხრიდან“, - თქვა პაატა სულაბერიძემ.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრში შპს „ურეკი რეზიდენსი“ 2016 წლის 19 ივლისს დარეგისტრირდა. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბერა ივანიშვილია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა