მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების დაზღვევაში იურიდიული პირების ჩართვა ფინანსური სისტემის მდგრადობას გაზრდის - კოვზანაძე

605b24ef2ac3a
შოთა ტყეშელაშვილი
24.03.21 16:55
721
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილეს კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, 2022 წლის 1 იანვრიდან იურიდიული პირების საბანკო დეპოზიტები დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოს მიერ იქნება დაზღვეული. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეს ცვლილება საფინანსო სექტორის მდგრადობის ზრდას შეუწყობს ხელს.

„თავის დროზე, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება ევროკავშირთან ასოცირების ეკონომიკური ნაწილის ერთ-ერთი საკითხი იყო, დეპოზიტების დაზღვევის სქემაში იურიდიული პირების ჩართვა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მორიგი ნაბიჯია, რაც ფინანსური სისტემის საიმედობას და მდგრადობას კიდევ უფრო გაზრდის“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

2020 წლის 1 ივლისიდან ფიზიკური პირებისთვის დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი, 5000 ლარიდან 15 ათას ლარამდე გაიზარდა. იურიდიული პირების შემთხვევაშიც, ზღვარი 15 000 ლარი იქნება.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მკაცრი ზედამხედველობა, ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველია და ჩვენ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გაძლიერების კუთხით მორიგ ნაბიჯს ვდგამთ. თუ ახლა საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 4 მილიარდი ლარია, კანონის ამოქმედების შემდეგ ეს მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზრდება", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დეპოზიტების დაზღვევის ყოველთვიურ საფასურს (პრემიას) კომერციული ბანკები დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოს უხდიან. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ბანკების მიერ ყოველთვიურად  გადახდილი პრემიის მოცულობა საშუალოდ 2.5 მილიონი ლარია. 2020 წლის განმავლობაში საბანკო სისტემამ დაზღვევის პრემიის სახით სულ 22.6 მილიონი ლარი გადაიხადა. იმ შემთხვევაში თუკი რომელიმე კომერციულ ბანკში კრიზისი შეიქმნება და ბანკი დეპოზიტართა თანხების დაბრუნებას ვერ შეძლებს, მომხმარებლები თანხას სწორედ დეპოზიტების დაზღვევის სისტემიდან მიიღებენ.