საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი უმრავლესობის მიერ თავიდან უნდა იყოს განხილული და ამ განხილვისას პრინციპულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციის გათვალისწინება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით 9 თებერვალს მიიღო. 17 თებერვალს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ჯეიმს ჯონის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის“. 23 თებერვალს კი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონში შესულ ცვლილებებს ვეტო დაადო. „ის არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია", - ნათქვამი იყო პრეზიდენტის განცხადებაში.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტის ვეტო პოლიტიკური აქტია და პარლამენტში დაჩქარებული წესით კანონში შესულმა ცვლილებებმა როგორც საზოგადოებაში, ასევე ექსპერტებსა და პოლიტიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
„ვფიქრობ, ეს კანონპროექტი უმრავლესობის ჯგუფში კიდევ თავიდან უნდა იყოს განხილული. მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იყოს სავალუტო ფონდის მოსაზრებები ამ მიმართულებით. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ გადახრა, რომელიც ამ კანონის პირობებში მოხდა, ეს პირობითი გადახრა იყო წლის ბოლომდე, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სავალუტო ფონდის პოზიციის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რომელიც მათ გამოთქვეს თავის გავრცელებულ განცხადებაში“, - განაცხადა კოვზანაძემ.
ცნობისთვის: პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთულ საბოლოო ვერსიაში წერია, რომ კანონის ამოქმედებიდან ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (გარდა პირველი ვიცე-პრეზიდენტისა) უფლებამოსილების შეწყვეტამდე ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შედიან: სებ-ის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრები.
გამოდის, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ, იმ დრომდე, სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ვადა არ ამოეწურება, ეროვნულ ბანკს ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება.
როგორც ცნობილია, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებიდან ყველაზე ადრე - მიმდინარე წლის დეკემბერში ვადა ეწურება არჩილს მესტვირიშვილს. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სანამ არჩილ მესტვირიშვილს სებ-ის საბჭოში ვადა გაუვა, ეროვნული ბანკის საბჭო კიდევ ერთ ვიცე-პრეზიდენტს დანიშნავს. შედეგად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მინიმუმ 2023 წლის ბოლომდე, შესაძლოა, ჰყავდეს ოთხი ვიცე-პრეზიდენტი, რომელთაგან ერთი იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი.
აღსანიშნია, რომ ორგანულ კანონში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის თანახმად, სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტს ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭო არანაკლებ საბჭოს ორი წევრის წარდგინებით.