მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი სემეკის წევრობის კანდიდატს: ან წინა კომისიაში რას აკეთებდით ან ახლა რა უნდა გააკეთოთ?

5dd7be198300a
დავით ჯალაღონია
22.11.19 15:00
1413
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი მარეგულირებელი კომისიების მუშაობასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი – ამის შესახებ მაჭავარიანმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სემეკ–ის წევრობის კანდიდატის გიორგი ფრუიძის მოსმენა გაიმართა. ფრუიძე აქამდე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მუშაობდა.

„მე, ჩემდა სამწუხაროდ, მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ამ მარეგულირებელი კომისიების მუშაობას ცოტა სკეპტიკურად უყურებს. მინდა გკითხოთ, იმ წინა მარეგულირებელში რომ იყავით და ახლა სხვაში რომ გადადიხართ, ან იქ რას აკეთებდით და რატომ არის საჭირო ეს კომისია, ან აქ რა უნდა გააკეთოთ? იქ რა იყო და აქ რა იქნება? ხალხმაც რომ გაიგოს“, – მიმართა დეპუტატმა კითხვით სემეკ-ის წევრობის კანდიდატს.

გიორგი ფრუიძემ პასუხად აღნიშნა, რომ ენძელა მაჭავარიანი ერთადერთი არა არის, რომელიც მარეგულირებლების მუშაობას სკეპტიკურად უყურებს.

„მარეგულირებელი კომისიები არავის უყვარს და ასეთი იმიჯი აქვთ, რომ არაფერს აკეთებენ, უზარმაზარი ხელფასი აქვთ და უბრალოდ ფულს იღებენ. ეს არის ტიპიური ხედვა მარეგულირებელი კომისიის მიმართ. მინდა გითხრათ, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის.

მარეგულირებლის შექმნას (ქვეყნები) ცდილობენ ისეთ სფეროებში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ან სოციალური საკითხები ან მაგალითად მედიის დამოუკიდებლობის საკითხი და აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ გარკვეულმა დამოუკიდებელმა ორგანომ იფუნქციონიროს ამასთან დაკავშირებით, რადგან ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს არსებობს ძალიან მაღალი ინტერესები, როგორც პოლიტიკური ისტებლიშმენტის მხრიდან, ისე – ოპოზიციის და მოსახლეობის, რომ საბანი თავისკენ გადაქაჩოს მოცემული მომენტისთვის, რაც დარგის ფუნქციონირებას გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნის. სტრუქტურა ასეთია – მარეგულირებელი ბიზნესს იცავს სახელმწიფოსგან, მომხმარებელს – ბიზნესისგან და მომხმარებლისგან იცავს სახელმწიფოს. ეს არის მარეგულირებლის ლოგიკა. კარგი მარეგულირებელი ყოველთვის ეძებს ბალანსს ამ სამ წერტილს შორის“, – განმარტა გიორგი ფრუიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ფრუიძე მიმდინარე წლის 29 ოქტომბრამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ნათია ლაზაშვილი „რუსთავი 2“-ს საინფორმაციო გამოშვების წამყვანად დაინიშნა, ფრუიძემ თანამდებობა დატოვა. საქმე იმაშია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის ოჯახის წევრის მეუღლე კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტისთვის ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

ცნობისთვის: სემეკ-ში, მისი თავმჯდომარის ჩათვლით, სულ ხუთი წევრის ადგილია. მას შემდეგ, რაც ირინა მილორავას თავმჯდომარის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, მისი თანამდებობა დავით ნარმანიამ დაიკავა, შესაბამისად, სემეკ-ის წევრების რიგში ერთი ვაკანტური ადგილი გაჩნდა.