მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დერივატივების შესახებ" კანონი ხელს შეუწყობს ფინანსური და კაპიტალის ბაზრების განვითარებას - ირაკლი კოვზანაძე

5e26cddadcc74
ინგა მურუსიძე
21.01.20 14:20
1428
„დერივატივების შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს ფინანსური და კაპიტალის ბაზრების განვითარებას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას დერივატივების კანონთან დაკავშირებით.

„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში, მთავრობის, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სპეციალისტებთან ერთად ვმუშაობდით კანონპროექტზე, კომიტეტმა შეჯერებული ვარიანტი კი გასული წლის დეკემბერში მიიღო“, - განაცხადა კოვზანაძემ.

მისივე თქმით, კანონი ხელს შეუწყობს ქართული ფინანსური ინსტიტუტების მიერ უცხოურ პარტნიორებთან დერივატივების დადებას და ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში, შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებს გაუმარტივდებათ და გაუიაფდებათ უცხოეთიდან რესურსების მოზიდვა და რისკების მართვა.

ცნობისთვის, დერივატივები კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვა. ასევე, კანონით მნიშვნელოვანი გარანტიები იქმნება დერივატივებისა და გირავნობის მხარეების სამართლებრივი უფლებების დაცვის თვალსაზრისით. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გასულ წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, მთავრობის, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობდა.