მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველომ უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა და 2024 წელს იმედია კანდიდატის სტატუსით შევხვდებით"

63a3470fc334b
ალა ისპირიანი
21.12.22 21:31
515
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოსა და EU-ს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს EU-ში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაზე ანგარიში მოისმინა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას თქმით, საქართველოს მომავალი წლის თებერვალში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება დასრულებული უნდა ჰქონდეს.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს პროგრესის შეფასების დაწყებას გაფართოების პაკეტის ფარგლებში მარტიდან აპირებს, რაც შემოდგომაზე დასრულდება.

"საქართველომ, როგორც ევროპულმა ქვეყანამ 3 მარტს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა, ხოლო შემდგომ ჩაერთო ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის შემუშავებაში. აღნიშნული ამოცანისათვის ევროკომისიის მიერ ქვეყნებს მინიმუმ 6 თვიანი პერიოდი ეძლევათ თუმცა, საქართველომ დაახლოებით ერთ თვეში მოახერხა კვალიფიციური პასუხების გაცემა კითხვარში მოცემულ 3300-ამდე კითხვაზე.

ქართულმა მხარემ ვალდებულება აიღო, რომ სამუშაო დავალების შესრულებას წლის ბოლომდე დაასრულებს და შემდგომში უკვე დაელოდება იმ რეკომენდაციებს და შეხედულებებს, რომლებიც ვენეციის კომისიიდან წამოვა. ეს პერიოდი მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან უკვე მიღებული გვაქვს გზავნილი, რომ, ალბათ, გაზაფხულიდან გაფართოების პაკეტში შეფასება დაიწყება. ამიტომ თებერვლისთვის მთლიანად უნდა გვქონდეს დასრულებული ის, რასაც ვაკეთებთ 12 რეკომენდაციის ჩარჩოს ფარგლებში. საქართველომ უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა და იმედი მაქვს, რომ 2024 წელს საქართველო, ალბათ, უკვე შეხვდება კანდიდატის სტატუსით“, - განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ და დასძინა, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის საქართველო ევროკავშირის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილის შეფასების გამოქვეყნებას ელოდება.

მან ასევე განაცხადა, რომ საუბარი ჰქონდათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ისინი თვლიან, რომ შეცდომა იყო დაშვებული, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა.

„კითხვარის შევსების შემდეგ ჩვენ არაოფიციალურად შევეცადეთ, რომ საელჩოებს საშუალებით გაგვეზიარებინა გაწეული საქმიანობა, რომელიც მთავრობამ, პარლამენტმა, ყველამ ერთად გავატარეთ. ერთ-ერთი ქვეყანა იყო მაგალითად ხორვატია, რომელსაც ველაპარაკეთ. იყო ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები და ძალიან მაღალი დონის შეხვედრები გვქონდა და დადებითი შეფასება იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც განვახორციელეთ, თან დამოუკიდებლად. ვიცით, რომ სხვა ასოცირებულ პარტნიორებს გარკვეული დახმარება აღმოუჩინეს ევროკავშირის ინსტიტუტებმაც და კონკრეტულმა ქვეყნებმაც. ჩვენ კითხვარის შევსება ყოველგვარი დახმარების გარეშე შევძელით, ამის შეფასებაც მოხდა და ეს იყო ერთ-ერთი ელემენტი, რის გამოც დღეს იძახიან, რომ შეცდომა იყო დაშვებული, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა. მათ კარგად დაინახეს, რა გზა გავიარეთ, კარგად ხედავენ რა შედგები გვაქვს და ამიტომაც დღეს ხმამაღლა ამბობენ, რომ ეს იყო შეცდომა“, - განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ.

სიტყვით გამოვიდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილიც, რომელმაც თქვა, რომ 12 რეკომენდაცია საქართველოს ნაწილობრივ შესრულებული აქვს.

„12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, საქართველოს უკვე აქვს პროგრესი. თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც ყველა რეკომენდაცია გარკვეულწილად, შესრულებულია. არის ისეთი საკითხები, რომელიც ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირი-ს შეფასებების მომზადებას უკავშირდება. შესაბამისად, ეს სცდება დროის იმ ჩარჩოს, რაც ჩვენ განვსაზღვრეთ თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები ხარისხიანად და ამ ორგანიზაციების ჩართულობით შესრულდეს. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თორმეტივე რეკომენდაციის მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია და ჩვენი მხრიდან, მათი დიდი ნაწილი სრულყოფილად შესრულებულია“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ 24 ივნისს უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მათთან ერთად ევროპული პერსპექტივა საქართველომაც მიიღო, თუმცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ჯერ 12 წინაპირობა უნდა შეასრულოს.

საქართველოში პროგრესის ნაკლებობის გამო EU-მა შეშფოთება არა ერთხელ გამოხატა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.