მთავრობამ დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჯამში 434 მლნ ლარი გამოყო. როგორც პრემიერის ეკონომიკურმა მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა სექტორის მხარდამჭერი პაკეტის წარდგენინსას განმარტა, ეს თანხა 4 მიმართულებით დაიხარჯება და უზრუნველყოფს სექტორში დასაქმებული ადამიანიებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და დარგის განვითარებას.
„საერთო ჯამში, რომ შევაჯამოთ თითოეული ღონისძიების მიხედვით საჭირო ბიუჯეტი მოხმარდება იმას, რომ პირველ რიგში სექტორში, როგორც პირდაპირ, ასევე სექტორთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები; მეორე დავეხმაროთ დეველოპერულ სექტორს, რომ დაასრულოს მშენებლობები და ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებმაც უკვე გასწიეს ფინანსური ხარჯი დავიცვათ იმისგან, რომ არ დაკარგონ ეს ფული.
4 ღონისძიება ჯამურად ჯდება 434 მლნ ლარი:
• 70 მლნ ლარი სჭირდება იმას, რომ სახელმწიფომ დაასუბსიდიროს იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი;
• 14 მლნ ლარი არის სახელმწიფო გარანტია იპოთეკური სესხების პორტფელზე;
• 150 მლნ ლარი ეს არის ის თანხა, რომელსაც ჩვენ დამატებით მოვახმართ ჩვენს დევნილ ოჯახებს;
• 200 მლნ ლარი ეს არის საგარანტიო ფონდი შესყიდვებისთვის, რომელიც სრულად ხელმისაწვდომია სექტორისთვის და შესაბამისად ამ პროექტის ფარგლებში შესყიდულ უძრავ ქონებასაც სახელმწიფო გამოიყენებს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებისთვის“, - განმარტა პრემიერის ეკონომიკურმა მრჩეველმა.