15.ნოემბერი .2019 11:20

დღეს ანაკლიის პროექტის განხორციელების ალბათობა 50%-50%-ზეა - ლევან ახვლედიანი

views 358
უკან

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ტელეკომპანია “პალიტრა ნიუსის” გადაცემაში განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების ალბათობა დაახლოებით 50%-50%-ზეა.

“მე ვიტყოდი, რომ დღეს 50%-50%-ზეა პროექტის განხორციელების ალბათობა. დავაზუსტებ, რომ ეს არის უშუალოდ ამ განზომილებაში, თუმცა მე 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო ჯამში პროექტი აუცილებლად გაკეთდება,”- ამბობს ლევან ახვლედიანი.

ინფრასტრუქტურის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ვადას 2019 წლის 31 დეკემბრამდე აძლევს. თუ აღნიშნული ვალდებულებები არ იქნება შესრულებული, ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობა კონსორციუმთან 2016 წელს დადებულ შეთანხმებას, სავარაუდოდ, გაწყვეტს.

თავის მხრივ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომ სახელმწიფო პროექტის მიმდინარეობის პროცესის მანძილზე დესტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამდა, რაც მათ პოტენციური ინვესტორების მოძიებას ურთულებდა, ინვესტორების ნაწილს კი, ვინც ანაკლიის პორტში მონაწილეობას გეგმავდა, მთავრობამ საკმარისი მხარდაჭერა არ გამოუცხადა. მათ შორისაა საერთაშორისიო საინვესტიციო კომპანია "მერიდიანი" და ამერიკის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდი.

“მე მგონია, რომ მათ ვერ დაინახეს საკმარისი მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ თუნდაც დღეს, ინფრასტრუქტურის მინისტრი ან ეკონომიკის მინისტრი თუ აიღებს ტელეფონს და დაურეკავს, ისინი მაინც ჩამოვლენ და ისევ განაცხადებენ ინტერესს ამ პროექტში მონაწილეობაზე. თუ რა ფორმით, რა სიდიდით, რა ინვესტიციით, ეს ყველაფერი სამსჯელოა. ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ და ვიმსჯელოთ მათ ინტერესებზეც. მთავრობამ ყველა ინვესტორთან მიმართებით უნდა გადადგას ამგვარი ნაბიჯი და ეს ისევდაისევ ამ პროექტის ძალიან დიდი მნიშვნელობიდან უნდა გამომდინარეობდეს,”- ამბობს ლევან ახვლედიანი.

ლევან ახვლედიანი აღნიშნავს, რომ არსებული გათვლების მიხედვით, პორტი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში 1.1%-იან წვლის შეიტანს, აშენების შემდგომ კი ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.

იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო კონსორციუმთან დადებულ საინვესტიციო შეთანხმებას შეწყვეტს, ლევან ახვლედიანის განცხადებით, მაღალი ალბათობით კონსორციუმის აქციონერთა მხრიდან საარბიტრაჟო დავა დაიწყება.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო ამჟამად მის მიერ დაქირავებულ საერთაშორისო იურისტებთან გადის კონსულტაციებს. ოქტომბრის ბოლოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ-მა “ანაკლიის განვითარების სააგენტომ” საერთაშორისო იურიდიული კომპანია White & Case-სთან განაახლა კონტრაქტი. ხელშეკრულების აღწერის მიხედვით, იურისტებმა საინვესტიციო შეთანხმებაში შესატანი ცვლილებების შესახებ უნდა მოამზადოს საკუთარი პოზიცია, ამასთან მთავრობას გაუწიოს კონსულტაცია მოლაპარაკებების პროცესში და მოამზადოს ცვლილებების პროექტი, რომელიც 2016 წელს გაფორმებულ საინვესტიციო შეთანხმებაში უნდა შევიდეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა